“ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდა. მთავარი გზავნილი არის შემდეგი: ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცნობილია, რომ ევროკავშირის მედიატორობით შედგა 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის ფარგლებში უნდა წარიმართოს მოლაპარაკება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.
გვესაუბრება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
– თავისთავად კარგია, რომ უკვე ასე დაიწყო საუბარი, დასავლეთის ასეთი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოიკოტის შედეგიც ეს არის… სკეპტიკოსები სულ გვეუბნებოდნენ, საჭიროა ბოიკოტი? რა თქმა უნდა, დასავლეთს უნდა დაენახა შენ პროვოკატორობ, თუ ნამდვილად ასეა. მან აბსოლუტურად დაინახა, რომ თავზეხელაღებული ხელისუფლება გვყავს, რომელიც არც კანონს და არც არაფერს არად დაგიდევს. ამიტომ მიშელის ვიზიტი და ის, რომ მოლაპარაკება ფასილიტაციიდან მედიაციის ეტაპზე გადავიდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ქუჩის აქციები აუცილებლად გაგრძელდება. ეს არის ერთადერთი, რაზეც ხელისუფლებას აკანკალებს, მას მხოლოდ აქციების ეშინია. ჩვენ საბოლოოდ მაინც ვადამდელ არჩევნებამდე მივალთ, მხოლოდ პოლიტპატიმრების გამოშვებით არ დასრულდება ეს ამბავი. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს კუთვნილი მოთხოვნაა, ამას ოქმების მიხედვით ვამბობ, ამიტომ ხალხთან ჯიკაობა არ გაუვათ, ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს და არც ზეწოლა უნდა შეწყდეს.
– ოპოზიციის პრობლემა რაში მდგომარეობს, მის შეცდომებზე რას იტყვით?
– სულ ვამბობ, რომ შეცდომაა, როდესაც ღირებულებებს აზილავ. რამდენჯერმე მომიყვანეს პლახატნიუკის მაგალითი. უკაცრავად, რატომ უნდა მომიყვანო ეს მაგალითი? მერე რუსებმა ისევ თავისკენ რომ გაწიეს. რუსეთი როცა მოუნდება, თავის ჩანერგილს ყოველთვის თავისკენ გაწევს. ოპოზიციაში აუცილებელია გამოიყოს დასავლური ვექტორი. ჩვენ ყველანი ერთად ვართ იმ ნაწილში, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია. კი ბატონო, ამ ნაწილში დავთანხმდით, მაგრამ მერე უკვე დავინახე, რომ კორექტივებია შესატანი იმიტომ, რომ ხალხს კითხვები გაუჩნდა. როცა ადამიანები რეკავენ და კითხვას გისვამენ –- ეროვნულ მოძრაობას რომ აანონსებთ, შენ იქ გავრილოვნა უნდა გედგასო? გავრილოვის ღამის შემდეგ კოსაჩოვთან ბოდიშის მომხდელი ხომ არ უნდა მედგეს გვერდით? ეს წარმოუდგენელია. ამასწინათ, ამ რუსული ვექტორის მომხრე ქალბატონის ინტერვიუ იყო და კიდევ უფრო გავოგნდი. ბურჯანაძე ლაპარაკობს, სააკაშვილის კაბინეტში აფხაზეთში შესვლა იგეგმებოდაო და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრობაზეც საუბრობს (ასახელებს სააკაშვილს, ბოკერიას და ტყეშელაშვილს).
ხალხო, ჯერ ერთი, რუსული ვექტორის ქალბატონს არ აქვს ის სანდოობა, რომ დავუჯეროთ, რა იგეგმებოდა. ამბობს, არა მგონია, რომელიმემ დაადასტუროს ეს, მაგრამ ოფიცრობა იტყვის ამასო. გესმით, რაზეა საუბარი? თუ ეს ასე იყო, სახელმწიფო დონეზე დიალოგი წყდებოდა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრობასთან ერთად და ამას ეს გარეთ გამოაქვს სააკაშვილის ზიზღის გამო. ჩვენ თუ ვაანალიზებთ, რაზეა საუბარი?!
– ისე, ნინო ბურჯანაძე მუდმივად კრემლთან ასოცირდება და დღეს ოკუპაციაზე მისი მხრიდან საუბარი მართლა არადამაჯერებელია…
– წარმოუდგენელი რაღაცაა და ხალხი ამას ხომ ხედავს? ამიტომ ვთქვი, არ გვინდა ეს ამბავი, რაც შეიძლება ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. მას თუ რამის კეთება უნდა, სამშობლოს სიყვარული ჩრდილში არ შეიძლება? კი, ბატონო, ვადამდელი არჩვენების გამო დავდექით ერთად, მაგრამ ეს ქალბატონი ცოტა სხვა ვითარებაში წარმოჩინდა, ცოტა მეტი-მეტი მოინდომა და უკაცრავად, ახლა… 2 წელია შემოვედი პოლიტიკაში და ძალიან განვიცდი ასეთ რაღაცეებს, არავის ვათქმევინებ, რომ ამ ტიპის რაღაცეებში მონაწილეობას ვიღებ.
– ხომ არ აპირებთ ამ შეუთავსებლობის გამო გაერიდოთ გაერთიანებულ ოპოზიციას?
– არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ გავერიდო ამ სიმწრით გაერთიანებულ ოპოზიციას, ვისთვისაც ბევრი ვიშრომე. მე ვთქვი, რომ ამ ერთ საკითხთან დაკავშირებით ეს ქალბატონი იყოს, მაგრამ როდესაც ბრძოლა უკვე ღირებულებებისთვის მიდის, დიდი ბოდიში, რა. ქართველმა ხალხმა ჩაატარა რეფერენდუმი და ამის შემდეგ წლებია უკვე ამ ვექტორს სჯის და არ აძლევს ხმას. მეტი რა ქნას ხალხმა? ოპოზიციას რა უფლება გვაქვს, რომ ხალხის მიერ განულებული ვექტორი, პოლიტიკური გვამები გავაცოცხლოთ?
– ხალხის უმრავლესობა რომ უნდობლობას უცხადებს ოპოზიციას და რომ აღარ მიჰყვება მას, იქნებ ისაა პრობლემა, რომ მობეზრდათ ძველი სახეები. თქვენც აღნიშნეთ, რომ ამის მიზეზი ბურჯანაძე, ბოკერია და სხვები არიანო და ისინი ორჯონიკიძეებსაც კი შეადარეთ…
– დიახ, მეც ამას ვამბობ. მობეზრდათ ბოკერია, რომელსაც პარტია აღარ აქვს და მანდატიც კი ვერ აიღო, ბურჯანაძე, რომელმაც გაყალბებულ არჩევნებშიც კი ვერ აიღო მანდატი, შემდეგ დათო ბერძენიშვილი… იმას არ ვამბობ, რომ პოლიტიკოსები საერთოდ არ იყვნენ, როგორ გეკადრებათ, ასაკზე კი არ არის პოლიტიკა, მაგრამ პოლიტიკოსი ნიჭიერი მაშინაა, როცა თავისი ქვეყნის ავანგარდშია. მომიტევონ, მაგრამ ამ დონეზე გაცვეთილი პოლიტიკოსების ყურება მობეზრდა ხალხს, რა ამბავია?! რას ჰქვია, ახალი სახეები და ახალგაზრდები არ არიან? მათ სიას მოგაწვდით… აქ იმაზე არაა საუბარი, რომ ძველი პოლიტიკოსები საერთოდ არ იყვნენ, მაგრამ პრინციპულ სიტუაციაში როცა შანსი გქონდა და ვერ თქვი არა, როცა შენ გამოგცადეთ იმავე ბიუჯეტისადმი როგორი დამოკიდებულება გქონდა, როცა შეგიძლია სახელმწიფო ქონება ერთ ლარად წაიღო სახლში, თან რუსული ვექტორით იარო, ნამეტანია. საქართველოს და ქართველ ხალხს შენგან ბოდიში არ მოუსმენია, სამაგიეროდ, კოსაჩოვმა მოისმინა ბოდიში, ამიტომ, როცა ღირებულებებისთვის ნამდვილი ბრძოლა იწყება, უკაცრავად და, ნუ ავზილავთ და ავურევთ მათ ერთმანეთში. ოპოზიცია ბოლომდე ერთად ვიქნებით და ცოტა რიდით და ჩრდილშიც შეიძლება სამშობლოს სიყვარული.
– ოპოზიციას მეთოდებიც ხომ არ მოუძველდა? 30 წელია აქციები, კარვები… 21-ე საუკუნეა და იქნებ, უპრიანი იყოს პროტესტის ფორმებიც შეიცვალოს…
– გულწრფელად გეტყვით, ამაში ვეთანხმები ოპოზიციას იმიტომ, რომ 30 წელია რუსული მართვის ტიპის ხელისუფლებაა და თუ შენ კარვებით და გარედან ის არ შეაწუხე, პერმანენტული აქციები თუ არ მოუწყვე და ასეთი ბრძოლით თუ ყელში არ ამოუხვედი, ასეთ ხელისუფლებას ისე ვერ მოერევი. ამიტომ ვეთანხმები კარვების სტილს, ამას სწორად ვაკეთებთ. ასეთ ხელისუფლებას ხალხის რისხვის გარდა, არაფრის ეშინია, არანაირი რიდი და მოკრძალება არ აქვს და მათი ენა არ ესმის.
https://www.ambebi.ge/