ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე Covax-ის პლატფორმასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით covax-პლატფორმის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე კითხვა საქართველოს შესახებაც დაისვა. ჟურნალისტმა Covax-პლატფორმის წევრებს ჰკითხა – როდის უნდა ელოდოს ქვეყანა ვაქცინას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველო Covax-პლატფორმის წევრია, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინა არ არის შემოტანილი.
ამ შეკითხვას ვაქცინისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის(GAVI) ხელმძღვანელმა სეტ ბერკლიმ უპასუხა. მისი განმარტებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინას 141 ქვეყანა ელოდება, მათ შორისაა საქართველოც. მისივე განმარტებით, პლატფორმაში გაწევრებული ქვეყნები მომავალი კვირებისა და თვის განმავლობაში მიიღებენ ვაქცინას, მიუხედავად ქვეყნის შემოსავლიანობისა.
„სამხრეთ კორეამ პარასკევს Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო და სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. ვაქცინა 141-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს და ვაქცინაციის კამპანია უნდა დაიწყოს. საუბარია Astrazeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებზე. გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ მწარმოებლებს არ შეუძლიათ სწრაფად მოცულობის უზრუნველყოფა და ეს ეხება საქართველოსაც“, – განაცხადა ბერკლიმ.
ბერკლი ადასტურებს და განმარტავს ფაქტს, რომ Pfizer-მა ქვეყნებს, რომლებსაც აღნიშნულ ფორმატში მათი ვაქცინა უნდა მიეღოთ, დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოსთხოვა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დოზების ის მოცულობა იყოს ხელმისაწვდომი, რომელზეც თავდაპირველად ვსაუბრობდით, მაგრამ შეფერხება არის და ეს მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება Pfizer-ს, კომპანიამ ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებასა და ზარალის ანაზღაურების საკითხებზე დამატებითი სამუშაოს ჩატარება მოსთხოვა, რასაც უფრო მეტი დრო დასჭირდა. ეს არის Pfizers-ის ვაქცინის დისტრიბუციის შეფერხების ერთი-ერთი მიზეზი, რაც არ შეესაბამება იმ სურვილს, რაც ჩვენ გვქონდა, მაგრამ პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში სიახლეები გვექნება“, – განაცხადა ბერკლიმ.
ამავე online-შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორი და ეპიდემიებისადმი მზადყოფნის ინოვაციების კოალიციის (CEPI) აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ჰატჩეტი.