ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონსი აცხადებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე, საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო – მისივე თქმით, ახლა ამ შეცდომის გამოსწორებისთვის კარგი დროა. ლიეტუველი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, უარი თქვას პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და ოპოზიციონერების ციხეში ჩასმაზე. ამის შესახებ მან “ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე ჩართვისას განაცხადა: “გავიხსენოთ ბუქარესტის ნატოს სამიტი. ჩვენ დავუშვით შეცდომა, როცა მოვუსმინეთ პუტინს და რამდენიმე ევროპელ მეგობარს, ვინც ბლოკავდა საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ჩვენ ახლა ყველა ამ ფასს ვიხდით. ასე, რომ თუ ჩვენ 13 წლის შემდეგ ვისწავლეთ ამ შეცდომისგან, მოდით ყველამ ვიბრძოლოთ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველო იქნება ლაკმუსის ტესტი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისთვის. მინდა მივმართო მათ (საქართველოს ხელისუფლებას) და ვუთხრა, თქვენ უნდა იყოთ სამაგალითო დემოკრატიის შენების გზაზე. მოუსმინეთ თქვენ ოპონენტებს ოპოზიციაში და არ ჩასვათ ციხეში ისინი. დასხედით და ესაუბრეთ მათ ყველაფერზე, იყავით ლოიალური მედიასთან და არ ჩასვათ ციხეში ის, ვინც ცდილობს სიმართლე გააშუქოს და ბოლოს, გთხოვთ, თავს არ დაესხათ ისეთ მეგობრებს, როგორიც მე ვარ იმიტომ, რომ ამით თქვენ თავს ესხმით მათ, ვინც თქვენთვის ყოველდღიურად იბრძვის”,- ამბობს პავილიონისი.