“ღარიბაშვილი კი არა, ბიძინა დაბრუნდა”- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “ნიუსრუმი“ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა
“საერთოდ არ უნდოდათ ღარიბაშვილის პრემიერობა, მხოლოდ გარემოებების გამო დასჭირდათ მისი შემოდგმა პოლიტიკაში იმისათვის, რომ გარკვეული ბუფერი დაედგათ ივანიშვილისთვის, როდესაც დაიწყო გარჩევები გახარიასთან დაკავშირებით.
გახსოვთ, ერთი კვირა იყო გამქრალი კობახიძე. არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ იყო გამქრალი? ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი შიდა სახელისუფლებო გადატრიალების გეგმა ცოტა სხვა სცენარით. გამომდინარე იქიდან, რომ გახარიამ დასწრებაზე იმუშავა და მათ მოუწიათ სცენარის შეცვლა და ეშინოდათ, რომ მათი ასე ვთქვათ, ხალიჩისქვეშა თამაშების გამო, ბიძინა ივანიშვილისგან პასუხი არ ყოფილიყო მოთხოვნილი. იმისთვის დასჭირდათ ღარიბაშვილის შემოდგმა თამაშში, რომ გარკვეული ბუფერი გაეკეთებინათ ბიძინასთან “ხმალაობის“ და გარჩევების დროს. პოლიტიკური ლოგიკით, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ, გახარიას გადადგომა რაში სჭირდებოდა? მათ მოახდინეს გახარიას პროვოცირება, მეტსაც გეტყვით, ალბათ მათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გახარიას უნდა ჩაეტარებინა სპეცოპერაცია და კომპრომეტირებული გაეშვათ სახლში. გახარიამ ამაზე ხელი არ მოაწერა და ამის შემდეგ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ვითარდება.
ღარიბაშვილის კიდევ უფრო სასაცილო გადადგომა გვახსოვს, გამოვიდა ერთ დღეს და იბერიის გაბრწყინების გეგმა რომ გამოაცხადა და სამ დღეში გადადგა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოყვანამ გააჩინა განცდა, რომ ქვეყანაში არის ჩრდილოვანი მმართველობა. არავის სჯერა, რომ ღარიბაშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტია.
მთავარია, რა განცდაა საზოგადოებაში და საზოგადოებას აქვს ეს განცდა და არც თუ ტყუილად. ვფიქრობ, ღარიბაშვილის გაპრემიერების ერთ-ერთი ამოცანა იყო ბიძინა ივანიშვილისთვის შეექმნათ პრობლემები. ბიძინამ როცა გამოაცხადა, წავედიო, ამ განცხადებიდან გახარიას გადადგომამდე ჩრდილოვან მმართველობაზე ხომ მოკვდა საუბარი? ბიძინამ დაისვენა, უნდოდა მშვიდად წასულიყო. წავიდოდა, თუ არ წავიდოდა, შეიქმნა განცდა, რომ წავიდა. გახარია იყო საკუთარი პოლიტიკური წონის მატარებელი და შესაბამისად, ის კაცი დაასვენეს. შეიძლება ერეოდა კიდეც, მაგრამ მასზე შეტევები მორჩა, ხომ? როგორც კი დაბრუნდა ღარიბაშვილი, ჩრდილოვანი მმართველობის განწყობა დაბრუნდა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი რომ რაღაცის გადამწყვეტია, ამის არავის სჯერა. შესაბამისად, ღარიბაშვილი კი არა, ბიძინა დაბრუნდა და განახლდა შეტევები.
ვფიქრობ, ბიძინას ამ “ბავშვებმა“ ჩაუდეს ღარიბაშვილი იმიტომ, რომ თავი დაეცვათ ბიძინასგან მათსა და გახარიას გარჩევებში, ბუფერი დაიყენეს და ეს უთხრეს ბიძინას – წადი, ახლა ღარიბაშვილთან არჩიე საქმეო. ანუ მათ ღარიბაშვილით გარკვეული ალიბი შეიქმნეს ბიძინასთან მიმართებაში. ღარიბაშვილი ისეთი ფიგურაა, რომელსაც ყველა ათამაშებს ყველა მხრიდან და ყველა საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ბიძინას შეექმნა ამით პრობლემა, ვინაიდან მასთან მთავარი პრეტენზია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან ის იყო, რომ იგი არის არაინსტიტუციური პირი და აკონტროლებს ძალაუფებას. გახარიას პერიოდში ეს დაწოლა მასზე შეწყდა და ახლა ეს ყველაფერი დაბრუნდა – ვნახეთ, შტორმი წამოვიდა ბიძინას მიმართ, კობახიძის მიმართ კი არა.
კობახიძე არის თავისთვის კარგად მოყუჩებული. შესაბამისად, ჩვენ თუ გამოძიების მთავარი პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, ვინ ისარგებლა ჩანაწერებით და ვინ იყო მისი წყარო, პასუხი მარტივია – კობახიძის გუნდმა, სხვა ყველამ – ბიძინამაც, ღარიბაშვილმაც და დანარჩენებმაც იზარალეს. ერთადერთი, ვინც ამით ისარგებლა, კობახიძის დაჯგუფებაა.
არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ როგორც ვერსია, ეს განხილვადია. გამოძიების პრინციპით, მთავარი ეჭვმიტანილი არის კობახიძე. რაც ზედაპირზეა იმით კი არ უნდა ვიმსჯელოთ. ეს არც გოგაშვილს აწყობდა, არც ნაცვლიშვილს, ეს სრული სიგიჟე იქნებოდა. ან გახარიას რაში აწყობდა? – შურისძიება? პოლიტიკაში შურისძიების ფაქტორი დაივიწყეთ, რაღაც გამორჩენას უნდა ელოდო აქედან. ამით მხოლოდ კობახიძე-მდინარაძემ ისარგებლა“.