საუბარია, 19 მარტს, საგარეჯოში გარდაცვლილ 56 წლის კაცის საქმეზე, რომელსაც თანასოფლელი ტრაქტორით დაეჯახა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს – 1965 წელს დაბადებულ ნ.პ. რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, 19 მარტს, 56 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და ოჯახმა მხოლოდ ერთდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნოდარ პავლიაშვილს ტრაქტორით თანასოფლელი დაეჯახა, რომელთან ერთადაც, სუფრაზე იმყოფებოდა.