29 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, ხელისუფლებას აქვს შანსი, ნიკა მელია ციხიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოუშვას. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ 29 აპრილის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან მელიას მათი თავდებობით გათავისუფლების საკითხი დადგეს.
ადვოკატმა დღეს მელია რუსთავის პენიტეცნიურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კონდახიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამნისტიის კანონში მოძალადე პირები არ აღმოჩდნენ.
„ნიკას პოზიცია არ შეცვლილა, განსაკუთრებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ის წუხს ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, ვინაიდან მოლოდინი აქვს, რომ „ოცნება“ იმდგავარ კანონპროექტს დააინიცირებს, რომელზე დათანხმებაც ელემენტარულად შეუძლებელი იქნება, მაგრამ იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამნისტიის კანონში მოძალადე პირები არ აღმოჩდნენ და ინდულგენცია არ მიიღონ. ეს არის მისი დღევანდელი პოზიცია.
29 აპრილს გვაქვს სასამართლო პროცესი, სადაც ფაქტია, რომ ხელისუფლებას მელიას ყოველგვარი პრობლემის გარეშე ციხიდან გამოშვების გასაღები და ინსტრუმენტი აქვს. ნიკა მელიას საქმე პოლიტიკური აქტის მატარებელია, რაზეც თვითონ ხელისუფლება და ევროკავშირი აწერს ხელს. ამ ფონზე წარმოუდგენელია, ნიკა მელიას ციხეში, უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვება. შესაძლებელია თავდებობის საკითხი დადგეს, რაც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, 29 აპრილს შეიძლება ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდეს სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება ჩვენს ტაქტიკას, მას შემდეგ გადავწყვეტთ, რაც ევროპარლამენტარების თავდებობიდან გამომდინარე მოცემულობა გვექნება“, – განაცხადა კონდახიშვილმა.