ერთხელ შუქი მოვიდა და რა გასაკვირია, რომ ტელევიზორს მივვარდით – იქ კაცი გამოჩნდა, აწოწილი, უცნაურად ჩაცმული და უცნაურსვე ცხენზე მჯდარი. დედაჩემმა თქვა, ამ კაცმა როლისთვის 25 კილო დაიკლოო. 25 კილო დაკლებულმა კაცმა შუბი აღმართა, გამოგვხედა და შუქიც წავიდა. მაშინ არც დონ კიხოტისა ვიცოდი რამე და არც კახი კავსაძის – მერე ბევრი შევიტყვე, მაგრამ გონებას გინდ დიდებული წიგნის დიდებული პერსონაჟის, გინდ საოცარი მსახიობის გახსენებაზე, პირველად ეს ფრაგმენტი ეხატება ხოლმე. ეს მოულოდნელი, ზამთრის ბნელ ღამეში გაელვებული კადრი.
ადრეც დავწერე:
ბოლო წლებია, სამსახურისკენ მიმავალი, რუსთაველის თეატრის წინ, სკამზე მჯდარ კახი კავსაძეს ვხვდებოდი ხოლმე. სევდიანი და ჯიუტი მზერით უცქერდა შენობას. თუ ოდნავ დააკვირდებოდი, იოლი შესამჩნევი იყო ის დაოუკებელი ვნება და დაუცხრობელი სურვილი, რაზეც მისი კოლეგები და რეჟისორები მიყვებოდნენ – თუ როგორ გარდაიქმნებოდა, ეს ღრმად მოხუცი და ათას დაავადებასთან მებრძოლი კაცი კამერის ჩართვისთანავე ახალგაზრდული შემართების მსახიობად. არათუ მინახავს, იშვიათად მსმენია, საკუთარი საქმე ასეთი გაშმაგებით უყვარდეს ვინმეს.ბოლო წლებია, სამსახურისკენ მიმავალი, რუსთაველის თეატრის წინ, სკამზე მჯდარ კახი კავსაძეს ვხვდებოდი ხოლმე. სევდიანი და ჯიუტი მზერით უცქერდა შენობას. თუ ოდნავ დააკვირდებოდი, იოლი შესამჩნევი იყო ის დაოუკებელი ვნება და დაუცხრობელი სურვილი, რაზეც მისი კოლეგები და რეჟისორები მიყვებოდნენ – თუ როგორ გარდაიქმნებოდა, ეს ღრმად მოხუცი და ათას დაავადებასთან მებრძოლი კაცი კამერის ჩართვისთანავე ახალგაზრდული შემართების მსახიობად. არათუ მინახავს, იშვიათად მსმენია, საკუთარი საქმე ასეთი გაშმაგებით ყვარებოდა ვინმეს.
ყვარებოდა რატომ – უყვარდეს, უბრალოდ ახლა უკვე სხვაგან, სხვაგან, სადაც კახი უკვე მტკიცედ და ძველებური ღიმილით ამბობს: ,,დიახ, აქ თეატრი არის!”