ოზურგეთის ხელისუფლებისაგან ადგილობრივები ბაილეთი კონჭკათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას მოითხოვენ – პეტიციას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე არსებული წესების შესაბამისად აიტვირთა მიმდინარე წლის 19 აპრილს აიტვირთა, 10 დღეში, ხელი უკვე 400 მეტმა ადამიანმა მოაწერა:
“აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაცია (მოწესრიგება) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭანიეთურისა და კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ განთიადის მოსახლეობისთვის, ასევე სოფელ ბაილეთისა და სოფელ კონჭკათის მაცხოვრებელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელთათვისაც საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი მათი ყოველდღიური გადაადგილების (მოხმარების) ერთადერთი და უალტერნატივო ვარიანტია” ნათქვამია პეტიციაში.
გთავაზობთ მას სრულად:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 5,5 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 4,5 – 5 კილომეტრია. სარეაბილიტაციო საავტომობილო გზის გრუნტი, ძირითადად, ქვიშა-ხრეშოვანია; ამასთან, მის განსაკუთრებით რთულ და პრობლემურ უბნებზე, შიგადაშიგ (რამდენიმე ადგილას), პატარ-პატარა მონაკვეთებზე ბეტონის საფარია მოწყობილი, თუმცა ეს საერთო სურათს ვერ ცვლის. აღნიშნულ გზაზე ხშირია ორმოული ღრმულები, რომელთა რიცხვი კიდევ უფრო მეტად იზრდება წვიმიანი ამინდების დროს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მასზე გადაადგილების პროცესს. მაგალითად, სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს მთავარ შემაფერხებელ მიზეზს იმისა, რომ ამ გზის გასწვრივ მდებარე ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭანიეთურისა და კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ განთიადის მაცხოვრებლებისთვის, ფაქტობრივად, ძალზე შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისადმი ხელმისაწვდომობა, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დასახლებებს კვირაში მხოლოდ სამ დღეს ემსახურება (და ისიც მხოლოდ თითო რეისით დღეში).
შესაბამისად, აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაცია (მოწესრიგება) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭანიეთურისა და კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ განთიადის მოსახლეობისთვის, ასევე სოფელ ბაილეთისა და სოფელ კონჭკათის მაცხოვრებელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელთათვისაც საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი მათი ყოველდღიური გადაადგილების (მოხმარების) ერთადერთი და უალტერნატივო ვარიანტია.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით და მისგან გამომდინარე, მოვითხოვთ:
(1) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა დაიწყოს სათანადო წარმოება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცის (ასფალტის საფარით მოწყობის) თაობაზე;
(2) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან აქტიური და მჭიდრო ურთიერთქმედებით, უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის;
(3) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს წინამდებარე პეტიციაში დასმული საკითხების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შესწავლა, განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება (გადაწყვეტა)”.