„ჩემი ბედნიერების სრულყოფილებისათვის მთავარია სამშობლოს უკეთესი აწმყო“
მსახიობი, მომღერალი, მწერალი, მოჭადრაკე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, სამოქალაქო აქტივისტი, ქველმოქმედი, კოლორიტი გურული, ახალგაზრდული ენერგიითა და ხალისით სავსე, – ამ ყველაფერს აერთიანებს ბატონი ჯემალი. საქართველოსთან ერთად გაირა ქარტეხილიანი დღეები: მეორე მსოფლიო ომში მამა დაკარგა, აფხაზეთის ომში და კომუნისტური სსრკ-ს წინააღმდეგ თავად იბრძოდა, სოფელ კვირიკეთში ტაძრის აღდგენის ინიციატორი და ორგანიზატორიც არის. ბატონი ჯემალი 6 ათეულ წელიწადზე მეტია ოზურგეთის თეატრის მსახიობია, თეატრთან ურთიერთობას პენსიაში გასვლის შემდეგაც აგრძელებს, თეატრის ფოლკლორული ანსამბლის „ბერმუხას“ მომღერალი და ლოტბარია.
ამ დღეებში მისმა ოჯახმა ბატონი ჯემალის ოთხმოცი წლის იუბილე აღნიშნა. იუბილარს ვთხოვეთ რამდენიმე სიტყვით მოეთხრო ამ რვა ათეულ წელიწადზე.
ჯემალ კეჭაყმაძე: – უპირველსად მივესალმები სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი ქვეყნისათვის სიკეთე, სინათლე უნდა. ამაზე ოცნებობს. ვუერთდები მათ. მინდა საქართველო ვიხილო გაბრწყინებული, გაერთიანებული, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ალბათ მალე დავადგებით გამარჯვების გზას, ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას.
ვოცნებობდი და მოვესწარი ჩვენი თეატრის რეაბილიტირებულ შენობაში შესვლას. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდს „ქართუ“ და ყველა მშენებელს, ვინაც ეს განახლებული შენობა გვაჩუქა.
18 წლის ვიყავი, როცა თეატრის დირექტორთან ბეჟან ნაკაიძესთან მივედი სამსახურის სათხოვნელად. მიყვარდა ხელოვნება, ვმღეროდი, ვცეკვავდი, ლექსებს ვკითხულობდი. ეს რომ ჩამოვუთვალე, ბატონმა ბეჟანმა, – მიმღერეო. მაშინ აქტუალური იყო ეს სიმღერა ბავშვებში და ვიმღერე: – „იქეთ ნუში, აქეთ ნუში, შუაში ფარდა ჩამოვუშვი, ძია სტალინ, გეხვეწები, ჩემი მამა გამოუშვი.“ როცა გაიგო, მამა ფრონტიდან არ დაბრუნდა, მაშინვე დამაწერინა განცხადება სამსახურში მიღების თხოვნით. მას შემდეგ, 62 წელიწადია ერთად ვართ თეატრი და მე.
თეატრში მუშაობდა ჩემი მეუღლე, ნანული ქავთარაძე, მსახიობია ჩემი ქალიშვილი, თეა, რომელიც ძალიან კარგად ჩაება სამსახიობო ცხოვრებაში.
მეამაყება, რომ კვირიკეთში ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი ვარ, მთელი სოფელი დამიდგა გვერდით და უფალს მადლობა, რომ ეს ტაძარი ათეული წლებია ფუნქციონირებს. უფლის ნება რომ არა, ვერაფერს გავაკეთებდი, სულ ვგრძნობდი მის ძალას ჩემს გვერდით.
აფხაზეთის ომში მოხალისედ ვიბრძოდი, ძალიან მძიმე პერიოდი გავიარე. ამ თემას მივუძღვენი მოთხრობა „დედა არაფერ შუაშია“, რომლის მიხედვითაც ოზურგეთის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „იყვნენ ასეთი ბიჭები“. მახარებს, რომ ჩემმა დაწერილმა მაყურებლის ინტერესი გამოიწვია. ვარ რამდენიმე წიგნის ავტორი, ვწერ ლექსებს, მოთხრობებს. ვარ გურიის მწერალთა კავშირის წევრი.
მიყვარს ჭადრაკი, ვარ გურიის ჭადრაკის ფედერაციის წევრი და სხვადასხვა რეგიონული და ქვეყნის მასშტაბით გამართული ჩემპიონატის ჩემპიონის ტიტულიც მაქვს მოპოვებული.
ექვსი წლის წინ მოვხვდი ღონისძიებაზე, სადაც სხვადასხვა ინიციატივით გამოდიოდა ხალხი და გადავწყვიტე რომ დიდ რელიგიურ დღესაწაულზე, ხუთჯერ წელიწადში, ჩემი ავტომანქანით უფასოდ მოვმსახურებოდი მგზავრებს. ამან წარმოუდგენელი სიხარული მომიტანა მადლიერი ადამიანების ემოციების და დამოკიდებულების სახით. მე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი.
- ბატონო ჯემალ, არანაკლები სიყვარული და აღიარება მოგიტანათ თეატრის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბერმუხა“. გურული, კოლორიტი ადამიანების სიმღერები შეიყვარა მაყურებელმა, ისინი სოციალურ ქსელში პოპულარულია.
- პირველ რიგში, გულისტკივილით მოვიგონებ ჩვენს ძმას, საუკეთესო ადამიანს და მსახიობს ნუგზარ ბარამიძეს. იგი დიდი ადამიანური და შემოქმედებითი დანაკარგია არამარტო ჩვენი ანსამბლისათვის, საერთოდ, თეატრისა და გურიისათვის. მასთან ერთად მოვიგონებ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ვერ მოესწრნენ დღევანდელ ჩვენს განახლებულ, გაბრწყინებულ თეატრს. მათი ხსოვნა სულ იქნება ჩვენთან ერთად. სასიხარულოა, რომ თეატრში შესანიშნავი ახალგაზრდობა, შევსება გვყავს. ჩვენ ყველა ერთად ვართ, რატომღაც მე მხვდა წილად ვყოფილიყავი ხელმძღვანელი, ხშირად ვიკრიბებით, ხმებს ვაწყობთ, ყოველდღიური რეპეტიციები გვაქვს. შესანიშნავი ხელმძღვანელობა გვყავს ბატონები ვასო ჩიგოგიძე და ზაზა ჯინჭარაძე, რომლებიც გვერდით გვიდგას. თეატრი შემოქმედებითად მუშაობს და ჩვენც მზად ვართ თეატრის საზეიმო გახსნაში შევიტანოთ წვლილი, რასაც ველოდებით. უბედნიერესი კაცი ვარ. ასე მგონია, რომ ჩემს ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია, არაფრის შეცვლა მინდა ჩემს ცხოვრებაში.
ოჯახით ბედნიერი კაცი ვარ. განსაკუთრებით დიდია ჩემს წარმატებაში, თუ რამეს მივაღწიე, ჩემი მეუღლის წვლილი. ადრე დავოჯახდი, მეუღლე – ნანული ქავთარაძე სიყვარულით შევირთე. ვფიქრობ, რომ იმ დღეს მეორედ დავიბადე, მასთან ერთად განვლილი ცხოვრების გზა ჩემი სიმდიდრეა. შვიდი შვილიშვილისა და სამი შვილთაშვილის ბაბუა ვარ… სამი შვილი გავზარდეთ – ლედი (ივლიტა), ვეფხვია, თეა, სამივე მღერის, მგალობლებია, თეა მამის კვალს გაჰყვა და ოზურგეთის თეატრის მსახიობია, ლედი (ივლიტა) რეგენტია ტაძარში, არის ანსამბლის „რეხეული“ მომღერალი. მთელი ოჯახი ვმღერივართ. სრული ბედნიერებისათვის მჭირდება სამშობლოს უკეთესი აწმყო, უფრო ძლიერი, გალაღებული საქართველოა ჩემი ოცნება.
- თქვენი აზრით, რა არის ადამიანისათვის უმთავრესი?
შეიძლება მთლად ზუსტი პასუხი ვერ გაგცეთ, მაგრამ ჩემთვის მთავარია ურთიერთპატივისცემა, უფლის რწმენა, მართლმადიდებლობა. ქართველი უნდა იყოს მორწმუნე. ამაშია ყველა სიკეთე, სიყვარული.
ესაუბრა ლია კილაძე