რუსთავის N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფება, მისი მხარდამჭერები და თანაგუნდელები იკრიბებიან. სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებით, ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება.
“ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება. ხელისუფლება ამბობდა, რომ გირაოს გადაიხდის, ნიკა მელიას გირაო არ გადაუხდია. ნიკა მელია ამბობდა, რომ ამნისტიას თუ გაიწვევენ გირაოს გადაიხდიდა, თუმცა ამნისტია არ გაიწვიეს, მაგრამ ევროკავშირმა გამოსასყიდი გადაიხადა.
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივად შეუძლებელია ჯერ გირაო გადაიხადო და მერე შევიდეს პროკურორი შუამდგომლობით. ფაქტია, რომ პოლიტიკური პატიმარი აღიარა სრულიად ევროკავშირმა”,- თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე საპატიმროს დატოვებს, პარტიის პოლიტსაბჭო გაიმართება, სადაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 10 მაისს 16:00 საათზე ჩაინიშნა. ის საპატიმროს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. 8 მაისს ევროკავშირმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გირაოს თანხა ჩარიცხა. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის, გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობით, გუშინ, 9 მაისს მიმართა.