გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. მოძრაობა “შეცვალე” და “საქართველოსთვის” “ექსპო ჯორჯიასთან” შეკრებას დღის მეორე ნახევარში გეგმავენ.
სამოქალქო აქტივისტები ამბობენ, რომ ადამიანმა, რომლის ბრძანებითაც 20 ივნისს ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
“გახარია არის გავრილოვის ღამის შემოქმედი და პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომლის დროსაც მანიფესტანტები დაასახიჩრეს”, – თქვა მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრმა, ალიკა კუპრავამ.
მოძრაობა “შეცვალეს” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი კი ამბობს, რომ დაანონსებული აქცია-პერფორმანსის მიზანია, საზოგადოებას გაახსენონ როგორი იყო გახარიას მმართველობა.
“როგორი უსახურიც იყო მისი მმართველობა, ისე უსახურად წავიდა ეს ადამიანი და არ შეიძლება ასეთი ჯალათები ბრუნდებოდნენ პოლიტიკაში და ჰქონდეთ იმის ამბიცია, რომ რაიმე თანამდებობა შეიძლება ეკავოთ” – ამბობს ბიძინაშვილი.