ახლა სოფლებში ის დრო დგებოდა, როცა ბიჭებს გოგოები გვიყვარდებოდა. უფრო მეტად ჩამოსული გოგოები – დიდი ქალაქებიდან, ვიდრე, მაგალითად, ოზურგეთი იყო. გოგოებსაც უყვარდებოდათ ბიჭები, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და ხმამაღლა არ ამბობდნენ გოგოები. ჩვენ კი გვიყვარდა ამ უცნაური, ვადიანი სიყვარულით გაზაფხულის ბოლოდან ვიდრე 30 აგვისტომდე. ამ სიყვარულის არსს ვერავინ გაიგებს, თუ 1995 წლის 14 ივლისს, საღამოს შვიდზე, ტუნგოების ბირჟაზე არ მისულა იქვე მდგარი სახლიდან, სველი სავარცხლით დავარცხნილი თმით და კისერზე წაკრული ბენდენით, სხვათაშორის გაფანტული მზერით და რაღაც გაურკვეველი სიმღერის ღიღინით. მისულა და ორ წუთში უკან არ წამოსულა.