ევროპული საქართველოს წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთიანობა არა მარტო შეინარჩუნოს, არამედ კონკრეტული ქმედებებით გამოხატოს.
როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ამომრჩევლების ხმები არ დაიკარგოს, საპარლამენტო მანდატებზე უარი უნდა თქვას ყველა ოპოზიციურმა პარტიამ.
“ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და მთავრია ოპოზიციის ერთიანობის არა მარტო შენარჩუნება, არამედ პრაქტიკულ ქმედებებში გამომჟღავნება. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვიდგებით ხალხის გვერდით, არავის მივცემთ უფლებას, ხალხის ხმა და არჩევანი დაიკარგოს, ამას აქვს ძალიან კონკრეტული პროცედურული ქმედებები, რომელიც უნდა განახორციელოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და იმედია, არ იქნება ამ მიმართულებით გამონაკლისი. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის არჩეული და შესაძლოა, ამ ქოცების გადაგებული შედეგების მიხედვით გახდეს პარლამენტის წევრი, არ უნდა დათანხმდეს პარლამენტის წევრობას”, – განაცხადა გოგორიშვილმა გადაცემა “კომენტარში”.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ქართული ოცნება პარლამენტში მარტო დარჩება და ამას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.
“ახლა არ არის ზოგადი ფრაზების და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების დრო. ახლა არის დრო კონკრეტული ქმედებების, რომელსაც ჰქვია სიების ჩახსნა, ხელის მოწერა იმ ადამიანების მხრიდან პარლამენტის მანდატზე, რომელიც არჩეული იქნა და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და მისი პარლამენტი გახდება თურქმენბაში და თურქმენეთის პარლამენტზე უარეს მდგომარეობაში იქნება. ამ შემთხვევაში ქართველი ხალხიც და საერთაშორისო საზოგადოებაც იქნება სიმართლესთან თვალგასწორებული“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილია ხმების 100% (3 847 უბანი). წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – 48,15%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27.14%; ევროპული საქართველო – 3.78%; პატრიოტთა ალიანსი – 3.14%; ლელო – 3,15%; სტრატეგია აღმაშენებელი – 3,15%; გირჩი – 2,89%; ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1,33%; ლეიბორისტული პარტია – 1%.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.