წელს შემოსავალი 160 000-მა დაქირავებით და 250 000-მა თვითდასაქმებულმა დაკარგა

გასულ კვირაში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი წარმოადგინა. პაკეტი არსებითან პანდემიის პირველ ტალღის დროს შემოღებული პროგრამების გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა ამჯერად პირდაპირი კომპენსაციის მიმღებთა წრე საგრძნობლად შემცირებულია.

მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადებისა და ეკონომიკის ცალკეული სექტორებისთვის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებასთან ერთად, გაგრძელდა, ასევე, იმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემის პროგრამა, რომელთაც შემოსავალი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო დაკარგეს.

პროგრამა 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომელთაც შემოსავალი დაკარგას. ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციაა გათვალისწინებული იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომელთაც შემოსავალი პანდემიის გამო დაკარგეს. თუმცა გაზაფხულისგან განსხვავებით ამჯერად კომპენსაციის მიღება მხოლოდ იმ თვითდასაქმებულებს შეეძლებათ, რომელთაც საქმიანობის შეჩერება ახალი მასშტაბური შეზღუდვების გამო მოუწიათ.

აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ იმ თვითდასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც 300 ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ კიდევ უფრო შემცირდება. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა თუ რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია პროგრამის პირველ ეტაპზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაზაფზულზე ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია ქვეყანაში არსებული 820 000 თვითდასაქმებულიდან 248 817 მოქალაქემ მიიღო. სულ პროგრამაში განაცხადი 251 167 მოქალაქემ შეიტანა, თუმცა მათ ვერ შეძლეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. მოსალოდნელია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე კომპენსაციას არეალის კიდევ უფრო დავიწროების გამო მაქსიმუმ 120-125 000 მოქალაქე მიიღებს.

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულებს, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით პროგრამის პირველ ეტაპზე 162 220 უნიკალური მომხმარებელი დარეგისტრირდა, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი ეკონომიკური კრიზისის გამო.

ამ პროგრამით სარგებლობა მოქალაქეს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ. გაზაფხულზე 200 ლარიანი ყოველთვიური დახმარება 6 თვის განმავლობაში სულ 70 130-მა მოქალაქემ ისარგებლა, 5 თვის განმავლობაში 13 675-მა მოქალაქემ, 4 თვის განმავლობაში 7 619-მა მოქალაქემ, 3 თვის განმავლობაში 14 220-მა მოქალაქემ, 2 თვის განმავლობაში 28 454-მა მოქალაქემ, პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეძლო 28 122-მა მოქალაქემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share