ნინო წილოსანმა ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობის დროს “ნაციონალურ მოძრაობას” “პარაზიტი და ტრადიციულად დესტრუქციული პოლიტიკური ძალა უწოდა”.
წილოსანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც პარაზიტულად იქცეოდა და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.
“ამნისტიის კანონპროექტის განხილვის დროს ლოგიკური მოლოდინი გვქონდა, რომ ნაციონალური მოძრაობა მეტნაკლებად ადეკვატურად შეაფასებდა, იმ ძალისხმევას, რომელიც ჩვენი, მმართველი გუნდის, ოპოზიციის ნაწილისა და საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით იქნა მიღწეული იმისთვის, რომ პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველვყოთ და სხვათაშორის დიდწილად მათი ფორმალური ლიდერის გამოსახსნელად იყო მიმართული, იმ სავარაუდო დანაშაულისგან, რომელიც 20 ივნისს ჩაიდინა და რომელთან დაკავშირებითაც ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ის მონაწილეა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი ფუჭია, როდესაც საქმე გვაქვს ძალიან პარაზიტ და ტრადიციულად დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან რომელიც ყოველთვის და ძირითადად არაადეკვატურია. რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც პარაზიტულად იქცეოდა და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ამ პრინციპით, სხვათა ძალისხმევის მიღწეული შეთანხმების საბოლოო პროდუქტით, ამნისტიით უნდა ისარგებლოს, მაგრამ გარკვეულ პოზაში დგას.
შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას თქვენ დიდად აღმატებულ რეგისტრში ისაუბრეთ, საერთოდ რა მორალური უფლება გაქვთ, რომ ვინმეს ჭკუა დაარიგოთ ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე, როდესაც პირდაპირ განაცხადეთ უარი საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე თქვენს მონაწილეობაზე”,- თქვა ნინო წილოსანმა.