ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე, აღმართულია ბარიკადები. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სასტვენები. დემონსტრანტები ბარიკადებს ქვებს ურტყამენ. მათი თქმით, აქციები პერმანენტული იქნება.
პარალელურად კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში თამარ ჟვანია დიპლომატიური მისიის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდება.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ის გაყალბებულია, შესაბამისად, მის შედეგებს არ სცნობს. დღეს, 3 ნოემბერს ოპოზიურმა პარტიებმა მემორანდუმიც გააფორმეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.
იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა.
ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.