გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, კურორტ ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილებაში მომხდარი ინციდენტისას, შშს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან ხარაბაძე სცემეს.
ცემასთან დაკავშირებით დაკავებულია 14 ადგილობრივი პირი.
„გურიის მოამბესთან“ საუბრისას, ადგილობრივები ყვებიან, რომ ინციდენტი წუხელ, კურორტ ურეკში მოხდა, როცა ადგილობრივი მაცხოვრებლები ცეცხლმოკიდებული სასტუმრო „ოთხი ვილას“ ჩაქრობას თავისი ძალებით ცდილობდნენ.
როგორც ეს ადამიანები აცხადებენ, გამოძახების შემდგომ სახანძროს შემთხვევის ადგილზე მისვლა კარგა ხნით დაგვიანდა, რა დროსაც თავადვე შეეცადნენ დახმარებასა და სასტუმროში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას, რისი საშუალებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს, რამაც ურთიერთშელაპარაკება გამოიწვია – შედეგად, პოლიციამ ერთ-ერთი მონაწილე პირი დააკავა, რომელიც უმალვე გადაიყვანეს შშს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ურეკის ქვეგანყოფილებაში.
რამდენიმე წუთში, მის გამოსასარჩებლად ქვეგანყოფილებაში 13 ადგილობრივი მაცხოვრებელი მივიდა. ამ დროს, მათ ადგილზე დახვდათ უცნობი პიროვნება, რომელთანაც შელაპარაკება მოუვიდათ და რაომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ხოლო ეს უცნობი პიროვნება, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან ხარაბაძე აღმოჩნდა.
პოლიციელები ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო პოლიციის შენობა კი შიგნიდანაა ჩაკეტილი და ჟურნალისტებსაც არ უშვებენ.
თუმცა, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, შენობის დიდი ნაწილი შიგნიდან დარბეულია.