ჯო ბაიდენის განცხადებით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას დაუბრუნდება

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას დაუბრუნდება, რომელიც ვაშინგტონმა გუშინ ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

„ტრამპის ადმინისტრაციამ პარიზის კლიმატის შეთანხმება ოფიციალურად დატოვა და ზუსტად 77 დღეში, ბაიდენის ადმინისტრაცია მას დაუბრუნდება“, – წერს ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური შეტყობინება 2019 წლის 4 ნოემბერს გაუგზავნა.

შეთანხმება კი ოფიციალურად გუშინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, ალასკას შტატებში არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.

ცნობისთვის,  არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share