5 ივლისიდან საქართველოში შემოსვლის წესები იცვლება. საქმე ეხება წესს, რომლის თანახმად, საჰაერო საზღვრით შემოსვლისას მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ 72 საათიანი ნეგატიური PCR -ტესტი, რომლის წარდგენაც ამიერიდან ყველა მოქალაქეს მოუწევს. მთავრობის დადგენილება ჯერ არ გამოქვეყნებულა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები(მინისტრი, მისი მოადგილე, NCDC-ს ხელმძღვანელი) ბოლო დღეებში საუბრობდნენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ინფორმაცია ჯერ საფრანგეთში საქართველოს საელჩომ, ხოლო მოგვიანებით უკრაინაში საქართველოს საელჩომ გაავრცელეს:
“შეიცვალა საქართველოში შემოსვლის წესები!!! მ.წ 5 ივლისიდან, საჰაერო საზღვრის კვეთისას ვაქცინირებული პირები ვალდებული იქნებიან კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი”, – ნათქვამია როგორც ერთი, ისე მეორე საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში.
BM.GE უკვე ორი დღეა ინფორმაციის დადასტურებას ითხოვს მთავრობის ადმინისტრაციისგან, თუმცა როგორც იქ ამბობენ, გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ უნდა მიიღოს და ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებენ.
BM.GE მოქალაქის სტატუსით დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციის ცხელ ხაზს 144-ს და ოპერატორს ჰკითხა, როგორ უნდა შემოვიდეს საქართველოში მოქალაქე, ნებისმიერი ქვეყნიდან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით:
“5 ივლისიდან, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას, ვაქცინირებული პირები ვალდებული იქნებიან, კოვიდ-ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული ნეგატიური PCR-ტესტის პასუხი. წესი ეხება ყველა ქვეყანას და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის საქართველოს. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში გამონაკლისი იქნება იზოლაციის წესი. თუ საქართველოს მოქალაქეს სურს უპირობოდ შემოსვლა ქვეყანაში, მოუწევს იზოლაციის დაცვა და 3 დღეში ტესტის ჩატარება. წესი სახმელეთო საზღვრებიდან შემოსვლის შემთხვევაში აქამდეც მოქმედებდა, ხოლო საჰაეროს შემთხვევაში 5 ივლისიდან ამოქმედდება“, – გვითხრა 144-ის ოპერატორმა.
შეგახსენებთ: მთვრობის სპეციალურ გვერდ STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები ვაქცინაციის შემთხვევაში ასეთია:
კოვიდვაქვინაციით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც:
საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი;
საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
* გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).