სალომე ასათიანი:მე მაინც მგონია, რომ მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება
ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა პრაიდთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა: ”ყოველი თქვენი ზიზღიანი ფრაზის უკან დგას პატარა ბიჭი, რომელსაც “არასაკმარისად კაცური” ქცევების და ბუნების გამო ახლაც, ამ წუთებშიც დასცინიან და თავში წამოარტყამენ – მამა, ძმები, კლასელები და უბნელები. ყოველი თქვენი “ეგენი გარეთ ვერ გამოვლენ” შხამად ეღვრება პატარა გოგოს, რომელიც გრძნობს, რომ განსხვავებულია და ფიქრობს, რომ “რაღაც ჭირს”. ამ სიძულვილის მორევის უკან დგას ბევრი ადამიანი, რომლებსაც ღირსეული და ბედნიერი კი არა, ჩვეულებრივი, ორდინარული, ტრივიალური ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევთ. რომლებსაც ხშირად საკუთარი მშობლები ჩაგრავენ, ძალადობენ ან “მკურნალობენ”, რომლებიც საყვარელ ადამიანთან ერთად საჯაროდ ვერ ჩნდებიან, რომლებსაც მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად არანაირი უფლებები არ აქვთ, როგორც წყვილს.
არაადამიანობა და სისასტიკეა ეს სიძულვილი, რა უფლებით ვუშლით საჯაროდ გამოსვლას ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ საზოგადოებისთვის რაღაც აქვთ სათქმელი. რამდენი სიძულვილიც უნდა ანთხიოთ, რეალობა არ შეიცვლება და ადამიანის ბუნება და სექსუალობაც იდუმალი და კომპლექსური იქნება. კი, კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი, და ქალს შეიძლება უყვარდეს ქალი, ეს ასეა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. მე მაინც მგონია, რომ მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება.
ტრაგიკული ისაა, რომ ეს პროცესი კიდევ ბევრი კარგი ადამიანის ცხოვრებას, ბედნიერებას, ფსიქიკას და სხეულს დაასვამს ტკივილიან დაღს. და რის გამო? მხოლოდ იმის, რომ მათ პატივცემული უმრავლესობისგან განსხვავებულად უყვართ. აი ამ აბსურდში ვიწამლებით წლებია.”
თბილისი პრაიდის კვირეული 1-5 ივლისს გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, 5 ივლისს გაიმართება მსვლელობა, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყება და დედაენის ბაღამდე გაგრძელდება.