ახალციხის კლინიკა “იმედიდან”, სადაც გარდაცვლილი მედდა – მეგი ბაქრაძე აიცრა – ექიმი, რეანიმატოლოგი, რეანიმატოლოგის დამხმარე, მედდა და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ავცელებს.
ის კლინიკიდან უარყოფის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ გათავისუფლებების სერია სამედიცინო დაწესებულებაში სწორედ მედდის საქმეს უკავშირდება.
“მეგის იმუნიზაციასთან დაკავშირებული ყველა პირი გათავისუფლდა, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის კავშირში მეგის გარდაცვალებასთან. აქ ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება, თუ სამედიცინო პერსონალი არ არის კავშირში,მაშინ საეროდ რა არის. გამოდის, რომ ყველანაირად გამორიცხია ის, რომ ან რაიმე გადაცდომით, ან უზუსტობით ან რაღაცით მივდივართ მეგის გარდაცვალებამდე. ჩვენ ვაყენებთ ამ პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამასობაში გაათავისუფლეს სამსახურიდან”, – თქვა ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა.
ადვოკატი კითხვებზე პასუხს ახლა საგამოძიებო უწყებისგან ელოდება, რომელმაც უნდა განმარტოს ვინ არის პასუხისმგებელი მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა “იმედში” 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.
პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.