“ტურისტის დაჭრის გამო ათეულობით ჯავშანი გაუქმდა” – სასტუმრო Old Town Mtatsminda

5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონეთის მოქალაქე, უცხოელი ტურისტი დანით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ტურისტს დანით 4 ჭრილობა მხოლოდ იმიტომ მიაყენა, რომ მას საყურე ეკეთა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის შემდეგ ტურიზმის სექტორი უკვე ალაპარაკდა აღნიშნული ფაქტის ნეგატიურ ეფექტებზე. აღნიშნული მოვლენების შემდეგ სასტუმრო Old Town Mtatsminda-ში ათეულობით ჯავშანი გაუქმდა. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე ამბობს, ეფექტი ძალიან მცირე დროში გახდა თვალსაჩინო. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სწრაფი რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის.

“მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, სამწუხაროდ, უკვე არის ჯავშნების გაუქმების პრეცედენტები. ეს იმიტომ, რომ ადამიანები მწვავედ რეაგირებენ მსგავს ფაქტებზე. შესაბამისად, თავსაც არიდებენ უსაფრთხო და საფრთხის შემცველ მიმართულებებს. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, პირადად ჩვენს შემთხვევაში ათეულობით ჯავშნის გაუქმებასთან გვაქვს საქმე. ეს პროცესი თუ დროულად არ დარეგულირდა და არ ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, ეს ყველაფერი უფრო კიდევ უარესს შედეგს მოიტანს და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზარალი გველოდება”, – აცხადებს სასტუმრო Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share