და თითქოს, როგორც მინიშნება, უკვე მერამდენე და მერამდენედ ამაო – ვაჟას დღე დადგა.
როცა დაიხედა, ცალი ფეხი იქით ედგა… მერე ცალი თვალიც იქით ეპყრა… ცალ მხარს მიწაზე მიითრევდა… ნახევარი კაცი იყო, მაგრამ დანარჩენებზე დიდი. დევივით. სულ სხვამ, ცოტა გვიან, მისი სათქმელიც თქვა: არათქვენებურ სიზმრებს ვხედავო – თავი მოიწონა და დაიქადნა კიდეც. პირველი იშვიათად იკვეხნიდა, ერთხელ წამოსცდა და ისიც – ამ ნახევრობაზე: „ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურად და ცას ციურად მივე თავაზი”. მისი მეგობრები, ქვევით, ბარში, მაშინ ზმანებებს გაურბოდნენ – ორთავ თვალს სინათლე სჭირდებოდათ – სავსებით სამართლიანად გაურბოდნენ. ამას კი ისე შეეძლო – ცალით საცელი ეზომა და ცალით სიზმარი ენახა. დევივით. აკი პირველად მათი ქორწილი ესიზმრა, ვისაც მიაგავდა. მანამდე არავის წარმოედგინა – არც ამოხსნას ცდილან მაინცდამაინც. არ უკითხავთ უკან მომავალისთვის – რად ხარშავდნენ ეს გოლიათები კაცის თავ-ფეხს, ეგებ ქვაბში თვითონ სტუმარი იყო და საკუთარ თავს შორიდან უმზერდა. ჰოდა, არავის უკითხავს-მეთქი, რამ გააძღო უსმელ-უჭმელი, ისე, რომ ყელშიაც ამოსდიოდა. ამის მერე მის ცალ თვალს აღარასდროს შეუხედავს ხორცისთვის საკვებად. თვითონ კი ზუსტად მიხვდა, რომ გაიყო. ნუ შეშინდებით, თუ ამასაც თავის თავს ეუბნებოდა – ერთით მეორეს – „გამოღმით მე ვარ, გაღმით – შენ”… ამაზე ვინმესთვის ხომ უნდა ეამბა, ჰოდა, იასთან დააბარა. თუ მსოფლიო სევდა არსებობს, ამაზე შორს ის ვერ წავა. თუ წავიდა – ყალბი იქნება, აი, ძია რომანტიკოსთა დიდ ნაწილს რომ სჩვეოდა, ისეთი – გულზე მჯიღით და მჯიღზე ცრემლით. დააბარა, ეგებ ჯობს, მიწაშივე, დაბადებამდე მოკვდეო. ანუ არასდროს. ნუ მოხვალო, განა სულ მუდამ მზეაო. ისე დააბარა, რომ არ სურვებოდა, ადგებოდა და ამოვიდოდა. ხომ უნდა გაეგო – რას უმალავდნენ ასე ლამაზს. სწორედ ესაა დიდი სევდის მთავარი ხიბლი – ტკივილს შეგებება მაშინ, როცა მისი არიდება შეიძლება. თუ წარმავლობის მანამდელ ჰიმნებს გავიხსენებთ – ანტისიმღერა გამოვა. „ყოველივე ამაოა” – ისე უფერულდება, მის დამწერს რომ გაუხარდებოდა. გამოტყუების სიზმარია – სიცოცხლის ასატანად გამოწვევა. „ქეიფი” გახსოვთ? ეგეც გენიალური ცრუს სიმღერაა. ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. წაღმა ფიქრი მაინც არ შეეძლო – სიფხიზლე ერჩივნა – სოფელი რომ უკუღმა ტრიალებდა, მისი წისქვილი მაშინ ფქვავდა. ისიც იცოდა, რომ ახალ საუკუნეს რაღაც დიდი უნდა დაენგრია. სიზმრები აქაც ეხმარებოდნენ, ამის ამოცნობაში. ჰოდა, ხვდებოდა რომ ეს დიდი შეიძლება მისი ცალი თვალიც ყოფილიყო – სამყაროს ენა რომ გაეგო და სადავეც ეპყრა. საითაც უნდოდა, იქით გადახრიდა ამ ზმანებებს. მაგრამ ერთხელ ქარ-წვიმა მიაწყდა, მეორე – დახუჭული თვალის ბზარიდან შეეპარა და „ათასგან ციხე ირღვევა/ქავ-ციხეებთან სახლია/ამოდენს საბრალოობას/მარტო მოზარე აკლია, / ჩვენ ვითომ არა გვიჭირდა, /ვითომ უვნებლად ვიყვენით, /ბოლოსა ვნახე სახლკარით, რომ ჩვენაც გავირიყენით, /მოასქდა ღვარი ზენაით, /ლიბო მაჰგლიჯა ციხესა”. მიხვდა, სიზმრები უნდა დაემალა მეორისგან და პირველის ქუთუთო დაიხურა. ვითომ ასეც დამთავრდა.
P.S. ვაჟა-ფშაველაც სიზმარია. თვალღია ქვეყანას ესიზმრა და მაშინ, როცა არ ელოდა. და ვერ ჩახვდა ქვეყანა ნასიზმრევს, შეშინებულმა, დილით წყალს მოუყვა და გააყოლა. მალე წყალი უკან მოუბრუნდა. მას მერე სულ ახსოვს და ვერ ამოუხსნია. ახსოვს და არ ითვალისწინებს.