ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა. კახა კალაძის პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში გაიმართა. პრეზენტაციაზე დასწრება მხოლოდ სპეციალური მოსაწვევით იყო შესაძლებელი.
ღონისძიებას პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ მომღერალი აჩიკო მეფარიძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე, დიზაინერი ზალიკო ბერგერი, მომღერალი მანანა თოდაძე, ასევე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე და საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი.
მოწვეულ სტუმრებს ადგილზე მყოფი ჟურნალისტები მხოლოდ ერთ კითხვას უსვამდნენ: “ხომ არ გრძნობთ დისკომფორტს და უხერხულობას იმის გამო, რომ მმართველი გუნდის პრეზენტაციას ესწრებით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ“. სტუმრების ნაწილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ნაწილი კი ამბობდა, რომ “ნულოვანი” დისკომფორტი ჰქონდა.
ღონისძიება მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ჟურნალისტებს თან ჰქონდათ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერით – “დაისაჯონ მოძალადეები”.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსული პოლიტიკოსები მედიის წარმომადგენლების მიმართ ისევ აგრესიულად იყვნენ განწყობილი და მათ, კოლეგის გარდაცვალებით სპეკულირებაში სდებდნენ ბრალს. ინციდენტი მოხდა მედიის წარმომადგენლებსა და ქართული ოცნების წევრ გია ვოლსკის შორის, რა დროსაც ლექსო ლაშქარავას ფოტო დაზიანდა.
“შენ არ გრცხვენია? სად გაიზარდე? თქვენ ახალგაზრდა ხართ და თქვენი კოლეგის ცხედართან უზნეო ცეკვა გაქვთ დიდებთან ერთად”, – თქვა ვოლსკიმ.