2020 წლის ბოლოს, უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში 18.5%-ს შეადგენს და NDI-ის ამავე წლის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 46%-ისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ყოველ წელს მაღალი იყო, გარკვეული შიდა თუ გარე ფაქტორების ფონზე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა. PMC Research-ის ახალი კვლევა სწორედ ამ პრობლემის მიმოხილვას ეთმობა.
მაგალითად, კვლევის ერთ-ერთი საინტერესო მიგნება უმუშევრობისა და განათლების დონეს შორის კავშირია:
კვლევის თანახმად, საქართველოში, 2017-2020 წლებში, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევრებს შორის საკმაოდ მაღალი იყო და ის 32%-დან 38%-მდე მერყეობდა. აღნიშნულ პერიოდში უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, კერძოდ 2017-დან 2020 წლამდე, მათი წილი შესაბამისად, 6 და 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მეორე მხრივ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა საშუალო და საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში (შესაბამისად, 9 და 1 პპ-თი გაიზარდა).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებლით უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 9.7% უმუშევარი იყო, ხოლი მათი 28.6% სამუშაო ძალის მიღმა რჩებოდა. შესაბამისად დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 61.7% შეადგენდა, როდესაც 2017-2019 წლებში OECD ქვეყნების იგივე მაჩვენებელი 85.2% იყო.
განათლებულ საზოგადოებაში უმუშევრობის ასეთ მაღალ დონეს კვლევაში ორი ფაქტორით ხსნიან: პირველი, საქართველოს შრომის ბაზარი ვერ ქმნის საკმაო რაოდენობის, ისეთ სამუშაო ადგილებს, რომელიც მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს და მეორე, განათლების დონე არ შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნას იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც საჭიროებენ მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას.