პრორუსულმა “პატრიოტთა ალიანსმა” ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვის მოტივით ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს ყველაზე დიდ მტერს, ვლადიმერ პუტინს მიმართა. პარტია ამბობს, რომ ერთიადერთი გამოსავალი რუსეთთან დიალოგის აღდგენაა.
“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!” – ამ სიტყვებით მიმართავენ ხელმომწერები პუტინს და ამბობენ, რომ დიალოგის აღდგენასთან ერთად, ორმხრივად უნდა გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა.
კითხვაზე, არის თუ არა წინასაარჩევნოდ ეს წერილი კონკრეტული გზავნილი იმისა, რომ დამკვეთი “ოცნებაა” პარტია უარყოფს.
“ამ წერილს მოვაწერე ხელი, იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მოსკოვთან უნდა გავაბათ კონტაქტები აუცილებლად, სხვანაირად უარესად იქნება ჩვენი საქმე. ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მიღებას ვაპირებთ, თავად წერილში ყველაფერია ნათქვამი, ამიტომ არაფერი არ მაქვს დასამატებელი. წინაასაარჩევნო არაა ეს, ეს არის ჩვეულებრივი წერილი”, – თქვა პოლიტიკოსმა, ადა მარშანიამ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” ამჯერადაც “ქართული ოცნების” გზავნილი გაახმოვანა. ხელისუფლება აღნიშნულს უარყოფს, დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ რუსეთის მიმართ იმედის თვალით ყურება “ეს ძალიან უცნაური ამბავია”.