გიორგი გახარია – გია ცეცხლაძე არის ერთ-ერთი სანიმუშო საჯარო მოხელე

“გიდასტურებთ, რომ გია ცეცხლაძე იქნება „პარტია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი ოზურგეთში. ის მართლა არის ერთ-ერთი სანიმუშო, საჯარო მოხელე და გიდასტურებთ, რომ ის არის მერობის კადიდატი. არჩევნები დანიშნულია, გამოცხადებულია, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო”

განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, გუშინ პარტიის ოზურგეთის ოფისის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში.

გახარიას განცხადებით, მათთვის პრიორიტეტია  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა ქალაქი და ყველა რეგიონი.

“ჩვენ საერთოდ არ ვყოფთ საქართველოს რეგიონებს პრიორიტეტებად, მეტად პრიორიტეტულად და ნაკლებად პრიორიტეტულად.  ეს ჩვენ არ გვახასიათებს.  ჩვენთვის ერთიანი მიდგომა არის ყველაზე  მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული. რაც შეეხება ოზურგეთს, ოზურგეთში  მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს პირველად რეგიონში გავხსენით ჩვენი პარტიული ოფისი „პარტია საქართველოსთვის“.

რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გამოწვევა  მდგომარეობს იმაში, რომ ერთდროულად გვიწევს პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა  და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ეს გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე გამოცხადდა არჩევნების დღე, 2 ოქტომბერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოზურგეთელები 2 ოქტომბერს ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ” თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერობის პოსტზე, განსხვავებით ოზურგეთისაგან დღეს კონკრეტულად არცერთი გვარი არ განიხილება, ოზურგეთში კი გაუმართლათ:

“დიდხანს არჩევანის გაკეთება არ მოგვიწია, სწრაფად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და  სადაც მივიღებთ  ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა გეტყვით. თბილისში ჯერ ასეთი გადაწყვეტილება არ არის. იქ, სადაც საჭირო იქნება, ჩვენთვის კანონით განკუთვნილ დროს გამოვიყენებთ  ბოლომდე. ხომ შეგვიძლია  ჩვენც  სიურპრიზი მოვუწყოთ ხო?! დღეს კონკრეტულად არცერთი გვარი არ განიხილება”.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share