აჭარა -გურიის იზოლატორის უფროსი ვალერი ბურჭულაძე, რომელიც სისტემაში 26 წელი მუშაობდა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც ბურჭულაძე ყვება, ამის მიზეზი, მის ხელმძღვანელთან გაგზავნილი ესემესია, რომელშიც სახელი შეეშალა: -“ჩემს უფროსს, ზვიად წაქაშვილს სმს გავუგზავნე, რომელშიც ვატყობინებდი იზოლატორიდან გათავისუფლებული პირის, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძის შესახებ. სმს, რომ ავკრიბე, ინსტიქტურად, ბატონო გიორგითი მივმართე. მათ კი, სავარაუდოდ, ჩათვალეს, რომ სმს გიორგი გახარიას ვუგზავნიდი და ამის გამო თანამდებობის დატოვება მომთხოვეს”, –ყვება ბურჭულაძე.
მისივე თქმით, მის 26 წლიან მუშაობას ისე გადაუსვეს ხაზი, რომ არც კი დაინტერესებულან ჰქონდა თუ არა შეხება გიორგი გახარიასთან: _ “გიორგი გახარიას მინისტრობის დროს დამაწინაურეს. ალბათ, ამიტომ იფიქრეს, რომ მასთან კონტაქტი მქონდა. არადა, საერთოდ არ ვიცნობ. ნანახიც კი არ მყავს. მართლა ვერ ვხდები,ასე რატომ მომექცნენ, რა დავაშავე. ამდენი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას და ისე გამომაგდეს, როგორც არაფერი”, –ამბობს ბურჭულაძე,
რომლის ემოციური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ბურჭულაძე ყვება, რომ პოლიციელობა 30 წლის წინ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყაჩაღებმა, საკუთარ სახლში მამა მოუკლეს: -“დღესაც ეტყობა ჩემს სახლს იმ ტყვიების კვალი, რომლითაც მამაჩემი ჩაცხრილეს. ამ ხნის განმავლობაში პატიოსნად ვმსახურობდი, უსამართლობას ვებრძოდი და თავად ავღმოჩნდი უსამართლობის მსხვერპლი. ერთი დანაშაული არ მაქვს, ერთი საყვედური. დანაშაულად იმას მითვლიან, რომ სმსის დროს სახელი შემეშალა და 2 წლის წინ, იზოლატორის გახსნაზე ნათია მეზვრიშვილთან ფოტო მაქვს გადაღებული”, –ამბობს ვალერი ბურჭულაძე.
მისივე თქმით, მის ხელმძღვანელებს ისიც კი არ აუხსნიათ კონკრეტულად რატომ უნდა წასულიყო: -“თბილისში დამიბარეს. ზვიად წაქაშვილი არც კი შემხვდა. მოადგილემ მითხრა, რომ უნდა დამეწერა განცხადება და წავსულიყავი. 26 წლის შესრულებას 17 დღე მაკლდა და ესეც არ დამითმეს. განცხადება დამაწერინეს და გამომიშვეს”, –აღნიშნავს ბურჭულაძე.