“ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ საარჩევნო კამპანია, ძმასთან არჩილთან ერთად დაიწყო. კანდიდატი, რომელიც მედიასთან არ ჩნდება, როგორც ჩანს დახურულ შენობებს არჩევს და შეხვედრებს საჯარო უწყებებში მართავს.
დღეს, თალაკვაძეებმა ფოლკორის ცენტრი მოირგეს, საარჩევნო სიმბოლიკაც მიიტანეს ფოტოებისთვის და როგორც სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
“ ჩვენი მუნიციპალიტეტის სამედიცინო საზოგადოებას გავაცანი ჩემი პროგრამა და გეგმები, რომელსაც მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ: დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების ხელშეწყობა და სოციალური პრობლემების მოგვარება; სოფლის ამბულატორიების და სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება; თანამედროვე ტრანსპორტი მუნიციპალიტეტისთვის წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად, სოფლების და ქალაქისთვის. საბინაო პრობლემების მოგვარება . ასევე, ვისაუბრე ახალ პროექტებზე, რომელსაც დეტალურად საზოგადოებას კამპანიის პერიოდში წარვუდგენ“, _ აღნიშნულია ავთანდილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.
როგორ აპირებს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას კანდიდატი დაკონკრეტებული არ არის. არადა, სწორედ ავთანდილ თალაკვაძე იყო პირი, რომელიც წლების მანძილზე ჯანდაცვის სისტემაში მუშაობდა და რომელსაც ამბულატორიების მოწყობა ევალებოდა. თუმცა, რატომ ვერ გააკეთა ეს ამ დრომდე თალაკვაძეს არ განუმარტავს.
განმარტებები არც არჩილ თალაკვაძის მხრიდან გაკეთებულა _ არადა, არჩილ თალაკვაძე 4 წელი იყო ოზურგეთის დეპუტატი და მისი საარჩევნო პროგრამა, თითქმის იდენტურია მისი ძმის პროგრამისა, რომელიც ახლაც დასაქმებას პირდება ოზურგეთელ ამომრჩეველს…
აი, იმ დასაქმებას 6 წლის წინ რომ პირდებოდა არჩილ თალაკვაძე და დღემდე ვერ შეასრულა.