“ისევ დავიქსაქსეთ” – წერს მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში. ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დარჩია, ისევ იგივე წრეზე სიარულად აღიქვამს.
“ისევ იგივე წრეზე მივდივართ, რომელსაც მრავალგზის ვაპრობირებთ, მაგრამ არ მუშაობს. აღარ მუშაობს ეს “მიდი, ჩააგდე ქაღალდი”. რაღა დროს საარჩევნო ყუთების თრევაა. არ შეიძლება ისეთი ფორმა მოიძებნოს, რომ გაყალბების შანსი არ იყოს?! ტექნოლოგიების საუკუნეა და რა მოხდება ადგილიდან გაუნძრევლოდ რომ შეეძლოს ადამიანს ხმის მიცემა.
მაგრამ ახლა მეორე – ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, აბსოლუტურად ყველა განწირულია ფინალისთვის – ძალაუფლება, ხიბლი, ფული, სკამი… ბოლო 30 წლის მანძილზე ამაში დავრწმუნდი – ძალაუფლება ადამიანს აფუჭებს, ღუპავს.
ძალიან ბევრია რვა წელი მთავრობაში ყოფნისთვის. რვა წელში სამყარო და აზროვნება იცვლება, თაობები იცვლებიან. მაქსიმუმი უნდა იყოს რვა წელი, მერე უნდა იცვლებოდეს მთავრობა.
არასწორი პოლიტიკა ჩვენს საქმეში ხელს გვიშლის. მთავრობას ხელფასს ვუხდი, რომ კომფორტი შემიქმნას, რომ დაცული ვიყო, რომ საზღვრებზე დაუსრულებლად არ გადმოდიოდნენ… მთავრობას ფულს ვუხდი იმაში, რომ მე ჩემი საქმე მშვიდად ვაკეთო.
ამ ყველაფრის ფონზე პროტესტის საშუალება რომ არ იყოს, ალბათ, ადამიანებს გული გაუსკდებათ და უიმედობით მოკვდებიან. თავისუფალ არჩევანსაც რომ გაგიყალბებენ, ან ნაგავში გიგდებენ და უგულებელყოფენ, საშინელებაა. ფაქტია, რომ ამ არჩვენებზე ყველაფერი სუფთად არ ყოფილა. ელემენტარული მათემატიკითაც რომ არ გამოდის, იქ უკვე კითხვის ნიშნებია.
აქ გრძნობებისა და ემოციის აღრევა მაქვს. მე ღმერთის მორჩილიც ვარ და კანონმორჩილიც. როცა მეუბნებიან, რომ საშიშია და არ გააკეთოო, მე მჯერა, რომ ეს ჩემთვის კეთდება. მაგრამ პარალელურ რეჟიმში, ჩვენზე წინ მყოფი ქვეყნები რომ აცხადებენ, რომ კარანტინს, ჩაკეტვას შედეგი არ აქვს, პირიქით, უფრო გვაღარიბებს, გვთრგუნავს, გვაშინებსო, უნდა გავითვალისწინოთ. შიში უფრო საშიშია.
თუ შენ მე კარანტინს მიწესებ, რომ დაინფიცირებისგან დამიცვა და ჩემზე ზრუნავ, მაშინ ცივ წყალს რაღატომ მასხამ? ხომ იცი, რომ გავცივდები? პატარა იმუნიტეტის დაკარგვა სერიოზულ დაავადებებს იწვევს. თან მე ხომ წყლის შესხმის საბაბს არ გაძლევ. ქართველი ქართველის წინააღმდეგ რომ ჭავლს იყენებს… მე არ მომწონს ეს ყოველივე…
ჩვენს დაყოფას არაფერი უნდა. ჭკუა ვერ ვისწავლეთ, რომ საერთო საქმისთვის – საქართველოსთვის ერთად ვიყოთ. მტერი ამით სარგებლობს და კიდევ დიდ ხანს ისარგებლებს.”