ამერიკისთვის საქართველო რეგიონში რჩება პლაცდარმი და პარტნიორი, თუმცა, ამ ფუნქციის შემსრულებელი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ და ვერ არის. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან მწარედ „გადააგდო“ ამერიკა და მისი სახელმწიფო მდივანი ერთი წლის წინ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.
როგორც ლაგაზიძე აღნიშნავს, ამერიკის დღის წესრიგშიც უნდა იყოს საქართველოში ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ენდობა, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება ქართული ოპოზიციის როლი აშშ-ის თვალში.
„მე ამ შეხვედრას დავაკავშირები ერთგვარად მაიკ პომპეოს ვიზიტთან, თუმცა, არა იმ თვალსაზრისით, რომ პომპეო საქართველოში არჩევნებისთვის ჩამოდის. ვიტყვი იმას, რით უნდა ისარგებლოს ოპოზიციამ, ამ შემთხვევაში რა არის მისი უმთავრესი პლიუსი. პომპეოს ვიზიტი ამტკიცებს იმას, რომ საქართველო ამერიკას სჭირდება იმისთვის, რომ ამერიკამ საბოლოოდ არ დაკარგოს ეს რეგიონი და დააბალანსოს ძალიან გაზრდილი რუსული სამხედროების ყოფნა ამ რეგიონში. თუმცა, ყველაზე არსებითი არის ის, როგორ ვხედავთ ამ სიტუაციაში საქართველოს როლს და რა შეგვიძლია იქეთ შევთავაზოთ ამერიკას. რეგიონში მხოლოდ საქართველო რჩება პლაცდარმი და პარტნიორი. ამ ფუნქციის შემსრულებელი კი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ და ვერ არის. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან მწარედ „გადააგდო“ ამერიკა და მისი სახელმწიფო მდივანი ერთი წლის წინ, როცა პომპეომ მოითხოვა ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელება, მოიხსნა პრემიერ-მინისტრი და ეს თემა დაკონსერვდა სრულიად მიზანმიმართულად „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამიტომ ამერიკის დღის წესრიგშიც უნდა იყოს საქართველოში ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ენდობა და იქნება მისთვის საყრდენი პარტნიორი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება ქართული ოპოზიციის როლი ამერიკის თვალში. თავის მხრივ, ოპოზიციამაც უნდა დაანახოს ამერიკას, რომ ის სოლიდური და მყარი პარტნიორი იქნება. ეს არის მთავარი გასაღები, რომელიც ქართულ ოპოზიციას ხელში უჭირავს. ამას თუ დაანახებს ამერიკელ პარტნიორებს, ის უფრო მოწადინებული იქნება, რომ აქტიური შუამავალი იყოს ამ მოლაპარაკების პროცეში და ჰქონდეს აქტიური პოზიცია“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
რაც შეეხება მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიციის და ხელისუფლების დაჯდომას, როგორც ლაგაზიძე ამბობს, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ამერიკა მაქსიმალურად მოერიდება დესტაბილიზაციას და ამ მიმართულებით ოპოზიციას ბევრი საფიქრალი აქვს.
„რაც შეეხება ხელისუფლების დაჯდომას მოლაპარაკებების მაგიდასთან, ის ცდილობს სახე შეინარჩუნოს და აჩვენოს დასავლეთს, რომ მას აქვს ამ მოლაპარაკებებისთვის მზაობა, არ უნდა ერთპარტიული პარლამენტი და ცდილობს შევიყვანოს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში. ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება და ის, რომ არ დაკარგოს საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გააჩნია რა იქნება დათმობის მასშტაბი.
რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამერიკა ძალიან გაუფრთხილდება საქართველოში სტაბილურობას“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
ამასთან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ გუშინდელ შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის და არა პარტიის აღმასრულებელი მდივნის მონაწილეობა გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავს.
„რაც შეეხება კობახიძეს და იმას, რომ ის არ იმყოფებოდა გუშინ მოლაპარაკებებზე, ეს გასაგებიცაა, რადგან მისი მთავარი ფუნქცია ოპოზიციასთან წითელი ნაჭრის როლის შესრულებაა, რომელსაც ხარს უფრიალებენ. ხელისუფლება კარგად ხვდება, რომ ამ ტიპის ადამიანის გაშვება დიპლომატებთან საურთიერთოდ არაფერში წერია. ეს არ არის უკან დახევა ხელისუფლების მხრიდან. „ქართულ ოცნებაში“ როლები განაწილებულია. კობახიძე სჭირდებათ ყველაფრის მკადრებლის როლში. კალაძე და თალაკვაძე სხვა როლში ჰყავთ, კერძოდ, თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ. სხვები პირობებს აყენებენ და ამგვარად ანაწილებს ხელისუფლება როლებს“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატებიც ესწრებოდნენ.