„დიდი გაოცება ამ ფაქტს არ გამოუწვევია“, – განაცხადა გავრილოვის ღამეს დაზარალებულმა მაკო გომურმა დღეს, 2 სექტემბერს CNews-სთან გიორგი გახარიას მერობის კანდიდატურის კომენტირებისას.
„სიმართლე რომ გითხრათ ძალიან დიდი გაოცება და წყენა არ გამოუწვევია ამ ამბავს, რადგან ვიცით რომ პოლიტიკაში დაბრუნდა სხვა სტატუსით და პარტიით. ყველანაირად ეცდება, რომ შეინარჩუნოს თავისი იმიჯი და სახელი, შესაბამისად ნაწყენი და გაოცებული არ ვარ ამ ფაქტით,“ – განუცხადა CNews-ს გომურმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა, გუშინ 1 სექტემბერს, განაცხადა რომ დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს.
ცნობისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცავი.