როგორ არბევდნენ და კლავდნენ ბოლშევიკები გურულ მომიტინგეებს და შემდეგ ამ ხოცვა ჟლეტას ოპოზიციას აბრალებდნენ
გურიაში 1922 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი თითქმის ყველა სოფელში ჩატარდა (ოზურგეთის მაზრა დაყოფილი იყო – ოზურგეთის, ნატანების, სუფსის, ლანჩხუთის, ჯუმათის, ხიდისთავის, ნაგომრის, ჩოხატაურის რაიონებად), ამ მიტინგების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში შეიცავს მომიტინგების მხრიდან მიტინგის „დამცველ“ მილიციელებზე თავდასხმას, რის შედეგადაც მომიტინგეების ნაწილს მილიციელები კლავდნენ ნაწილს კი აპატიმრებდნენ. ოფიციალური ინფორმაციის შინაარსის მიხედვით არაა ძნელი დასადგენი, რა ,,სარჩულით,, არბევდა მაშინდელი მილიცია მიტინგებს. როგორც ირკვევა გურიის სოფლებში 23-24 მაისს ორგანიზატორები ხვდებოდნენ სოფლების მოსახლეობას და მოუწოდბდნენ ოზურგეთში მიტინგზე მოსვლისაკენ, რა დროსაც სოფლის მიტინგები იმართებოდა. მიუხედავად 23-24 მაისს განხორციელბული რეპრესიებისა 1922 წლის 26 მაისს ქალაქ ოზურგეთში მაინც გაიმართა დიდი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ქალაქში მოხდა შეტაკებები მომიტინგეებსა და წითელ არმიას შორის. გთავაზობთ ინფორმაციას რომელიც 1922 წელს ვრცელდებოდა – გურიაში 24-26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგების მიმდინარეობასთან დაკავშირებით:
გაზეთ კომუნისტის 1922 წლის 28 მაისის ნომერში ასეთი ინფორმაცია გამოქყვენდა ,,ოზურგეთი – არავითარ გამოსვლას არ ქონებია ადგილი, გაიფიცნენ მხოლოდ მეეტლენი, მაზრის ზოგიერთ მივარდნილ კუთხეში მენშევიკებმა მოინდომეს მიტინგების გამართვა ინტელიგენტებისა, სპეკულიანტებისა, მედუქნეებისა და მოკრივეთა თანადასწრებით., მაგრამ ამ ცდამაც უარყოფითად ჩაიარა, ხიდისთავში პრვოკატორებმა გადააგდეს ყუმბარა, რომლის აფეთქებითაც ადმინისტრაციის წევრთაგან მოკლული იქნა 1 კაცი და დაჭრილი იქნა ერთი, ხოლო ჯგუფიდან კი მოკლული იქნა ერთი და დაიჭრა 2; ლანჩხუთი – მოწაფეთა და მედუქნეების ბრბო დაიშალა ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოჩენისთანავე,,.
,,1922 წლის 24 მაისს ანტისაბჭოთა მიტინგი სუფსის რაიონის სოფელ ჩოჩხათში გაიმართა. აქაც მომიტინგეებსა და მილიციელებს შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი. მომიტინგეებმა მილიციელებისათვის იარაღის აყრა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს მომიტინგეებმა მაუზერიდან სუფსის რაიონის მილიციის უფროს გობრონიძეს ესროლეს, მაგრამ გობრონიძეს ტყვია აცდა. იმავდროულად მომიტინგე გიორგი გუჯაბიძემ ერთ-ერთი მილიციელისათვის თოფის წართმევა სცადა, თუმცა ის იქვე მოკლეს. მილიციელებმა მომიტინგეების მისამართით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ოთხი მომიტინგე დაიჭრა. მომიტინგეების ნაწილი გაიქცა, ნაწილი კი დააპატიმრეს. დაპატიმრებულები ოზურგეთის პოლიტბიუროში გადაიყვანეს.,,
,,სოფელ ჩიბათში მიტინგის დამშლელებს მომიტინგეებმა რევოლვერებიდან გასროლითა და ქვების სროლით უპასუხეს. მომიტინგეებმა ადგილობრივ სამმართველოში შეჭრა სცადეს, რომლის დროსაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი მომიტინგე. სოფ. ჩიბათში სულ 150 მომიტინგე შეიპყრეს, მათ შორის ქალები. მიტინგის აქტიური წევრები ოზურგეთის პოლიტბიუროში გადაიყვანეს.,,
,,ხიდისთავის რაიონის სოფელ ფიჩხისჯვარის (დღევანდელი სოფელი მზიანი) ეკლესიის ეზოში გაიმართა მიტინგი. ოზურგეთის მილიციის უფროსმა ჭანიშვილმა მიტინგის ხელმძღვანელს სერგო წიტაიშვილს და ერთ-ერთ მომხსენებელს ისიდორე ლომთათიძეს სასწრაფოდ მიტინგის დაშლა უბრძანა. მომიტინგეებმა მილიციის მიმართულებით ბომბი ისროლეს, რომელიც იქვე მდგარ ცაცხვის ხეს მოხვდა, ბომბმა პირი იბრუნა და მომიტინგეეების სიახლოვეს გასკდა. ბომბის გასკდომას მომიტინგეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა. ამის შემდეგ მილიციელებმა მომიტინგეების დაშლა დაიწყეს. მომიტინგეები მათ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ამ ჭიდილში დამშლელთა მხრიდან ჟოჟო სიმონიშვილი და აკაკი ფირცხალაიშვილი დაიჭრნენ (ეს უკანასკნელი მოგვიანებით გარდაიცვალა), მომიტინგეების მხრიდან დაიჭრნენ სერგო წიტაიშვილი და თხუთმეტამდე ქალი და კაცი. მომიტინგეებმა გაქცევის დროს დაღუპული მომიტინგეების ცხედარი გაიტაცეს. მიტინგის დაშლის დროს შეიპყრეს ისიდორე ლომთათიძე, გერმანე ჯიბლაძე, გრიგოლ (გრიშა) ჭანიშვილი და სხვები, სულ 15 მომიტინგე.,,
(წყარო – 1922 წლის გაზეთი კომუნისტის სტატიები; – ლ. ჯიქია ,,1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში,, – wikipedia.org)
მოამზადა – კახა ჩავლეშვილმა