შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილას განუცხადა.
მისივე თქმით, პროცესში ყველა საჭირო უწყება ჩართულია და გამოძიება მიმდინარეობს.
“რაც მოხდა მთელმა საქართველომ ნახა,ნამდვილად მძიმე სიტუაციაა, რადგან ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დავიწყეთ გამოძიება და დავადგენთ თუ რამ გამოიწვია ეს ნგრევა. დაახლოებით, 5 სართულია ჩამონგრეული და ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-15 ადამიანიი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით, კონტაქტზე 2 ადამიანი გამოვიდა, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება,თუმცა ვერ აგვიხსნეს ჯერ სად და რომელ სართულზე იმყოფებიან, თუმცა მათ ვესაუბრებით ტელეფონით. პროცესში ასეულობით მაშველია ჩართული, არ არის საშუალება ბევრი ადამიანი ავიდეს, ჩართულია ტექნიკა და მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, და ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათი გამოყვანა. სწრაფად მუშაობა არ გამოდის, რადგან შეილძება იქ მყოფი ადამინები უფრო დავაზიანოთ, აქედან გამომდინარე ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ პროფესიონალიი მაშველები, რომ სათითაოდ გადმოვალაგოთ ლითონის ნანგრევები და ყველა ცოცხალი ადამიანი გამოვიყვანოთ. წინასწარი მონაცემებით იყო რამდენიმე ვერსია : გაზის ვერსიაც განიხილებოდა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მიდიოდა კორპუსის ქვემოთ სამშენებლო სამუშოები, მესაკუთრე აკეთებდა ამას და შესაძლებელია ეს იყოს გამომწვევი მიზეზი . ეს იყო ზუსტად იმ საყრდენი კედელის გამოცლის ან რაიმე სხვა მიზეზი და თუ დადგინდება ეს ადამიანი პასუხისგებაში მიეცემა. გამოძიება მიმდინარეობს 240 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება. გამოყვანილია ერთი ბავშვი და ბევრი ადამინი, რომელიც ცოცხალია შიგნით არის და გვეკონტაქტება . სახლში კეთდებოდა და ეს ნებართვები მე ზუსტად არ ვიცი.. ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან სახლში რემონტის დროს ნებართვები მერიაში რამდენად საჭიროა არ ვიცი და შიგნით რას აკეთებდნენ არც ამაზე მაქვს ინფორმაცია”,- განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.