საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს შეიხმა მირთაგ ასადოვმა.
როგორც მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას თქვა, თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე დაემართება, ამაში საქართველოს ხელისუფლება იქნება დამნაშავე. მისივე თქმით, ხელისუფლებას თუ სურს, ის ადვილად იპოვის გამოსავალს პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის.
კარგი იქნება რომ, მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობა არ დაიზიანოს და თავი არ ჩაიგდოს საფრთხეში ჯანმრთელობის მხრივ. ამას, რა თქმა უნდა, რელიგიაც კრძალავს. ჩემი რჩევაა, შეწყვიტოს შიმშილობა და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. თუ სააკაშვილს რამე მოუვა, დამნაშავე იქნება ამჟამინდელი მთავრობა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სხვა არჩევანი უბრალოდ არ დაუტოვა. ასევე მიუღებელია, როცა იცი ადამიანის მდგომარეობა და განძრახ უწყობ ხელს მის სიკვდილს. ეს, რა თქმა უნდა, არის ყველანაირად დასაგმობი.
სააკაშვილი კარგი იყო თუ ცუდი, მაინც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. დღეს ყველა ამბობს, რომ იგი დააპატიმრეს იმიტომ, რომ იყო ხელისუფლების პოლიტიკური კონკურენტი. მათთვის სააკაშვილის ციხეში სიცოცხლის დასრულებას უფრო მეტი ზიანი ექნება, ვიდრე არგათავისუფლებას და შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა და ეს თაღლითი პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ თავიდან აიცილონ ის დარტყმა რაც მათ მიადგებათ სააკაშვილის ციხეში სიკვდილით. თუ მათ სურთ, შეუძლიათ ძალიან მარტივად გაათავისუფლონ იგი, ან თუ დანაშაული არსებობს, მაშინ გამოიძიონ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თუმცა ეს საკითხიც ეჭვის ქვეშაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს.
ამიტომ კარგი იქნება, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატოს თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ისიც საეჭვოა, მას უფროსები ამის უფლებას მისცემენ თუ არა. როგორც ამ მთავრობამ, ისე სააკაშვილმაც ბევრი შეცდომა დაუშვა მისი მმართველობის პერიოდში, ეს თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა. ორივე მთავრობამ განიცადა ადამიანური, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მსხვერპლი.
დღეს კი, შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებამ ქვეყნის განადგურება გამოიწვია. ახლა დროა, განზე გადავდოთ ყველა საზოგადოებრივი კრიტიკა, პოლიტიკური ინტერესები თუ პირადი ამბიციები და გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, რათა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, – დასძინა ასადოვმა.