იორდანიაში, ისევე, როგორც სხვა ქვეყანებში, სადაც შარიათის კანონები მოქმედებს, მამაკაცებს მრავალცოლიანობის უფლება აქვთ, თუმცა თავად იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს ერთი მეუღლე ჰყავს. 51 წლის დედოფალი რანია ალ-აბდულა ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას. იგი მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე ლამაზ დედოფლადაა აღიარებული. დედოფალი რანია ყოველთვის ცდილობს, მისი საქმიანობა საზოგადოებისთვის სასარგებლო იყოს. იგი დიდ დროს უთმობს ძალადობასთან ბრძოლას და ქალთა უფლებების დაცვას. იორდანიის მონარქისა და დედოფალი რანიას სიყვარულის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო.
იორდანიის დედოფალი წარმოშობით პალესტინელია, იგი ქუვეითში დაიბადა. მის ოჯახში განათლების მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ რანია ჯერ ბრიტანულ სკოლაში, შემდეგ კი – ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდა. პროფესიის არჩევისას მას შეეძლო მამის გზა გაეგრძელებინა და პედიატრი გამხდარიყო, მაგრამ გოგონამ ბიზნესადმინისტრირება აირჩია.
1990-იანებში, ქუვეითსა და ირანში შექმნილი კრიზისის გამო,
მისი ოჯახი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. ისინი იორდანიაში, ქალაქ ამანში გადავიდნენ საცხოვრებლად. რანიამ Apple-ის კომპანიაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი – Citibank-ის მარკეტინგის სამსახურში გადავიდა, რომელსაც იმ პერიოდში პრინცესა აიშა მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობდა. პრინცი აბდულა მან 1993 წელს გაიცნო.
როგორც ცნობილია, პრინცი აბდულა რანიას პირველად საქმიან ვახშამზე შეხვდა, რომელიც პრინცესა აიშამ დაგეგმა. ვახშამზე განვითარებულ მოვლენებზე ღიად არავინ საუბრობს, თუმცა როგორც წლების შემდეგ მეფე აბდულამ აღნიშნა, რანიამ ის პირველი დანახვისთანავე მოხიბლა. წყვილის ურთიერთობა საკმაოდ მალე განვითარდა, რამდენიმე თვეში მათი ნიშნობა შედგა, 1993 წლის 10 ივნისს კი ისინი ზაჰრანის სასახლეში, იორდანიაში დაქორწინდნენ.
იმ პერიოდში აბდულა ჯერ კიდევ პრინცი იყო და ქვეყანას არ მართავდა. მათ დიდი ქორწილი არ გადაუხდიათ. წყვილისთვის საქორწინო სამოსი ბრიტანელმა დიზაინერმა ბრიუს ოლდფილდმა შექმნა. რანიას კაბა ევროპული სტილის სამოსს უფრო ჰგავდა. ჰიჯაბის ნაცვლად მას ფატა ეკეთა, პრინც აბდულას კი სამხედრო ფორმა ეცვა.
ოჯახის შექმნისას არც აბდულამ და არც რანიამ არ იცოდა, რომ ისინი ქვეყნის მმართველი მონარქები იქნებოდნენ. ქვეყნის მმართველის უფლება პრინცს ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამოართვეს, როცა მამამისმა, მეფე ჰუსეინ იბნ ტალალმა ტახტის მემკვიდრედ აბდულას უმცროსი ძმა აირჩია. თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1999 წელს მეფემ გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, ამ გადაწყვეტილებას დიდი სიხარულით არავინ შეხვდა, რადგან აბდულას ძმა მეფობისთვის უფრო მომზადებული იყო. ის რეგენტის ფუნქციას ასრულებდა და მეფის ავადმყოფობისას თავად იღებდა გადაწყვეტილებებს.
1999 წლის 7 თებერვალს, როცა მეფე გარდაიცვალა, აბდულა მაშინვე აკურთხეს ქვეყნის ახალ მმართველად. სამთვიანი გლოვის შემდეგ კი ქვეყნის დედოფალი რანია გახდა.
კურთხევის შემდეგ, მეფე აბდულა რანიასთან ერთად მაგადანის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად. აბდულამ მამის დაწყებული საქმეები და პოლიტიკური გზა განაგრძო, დედოფალი რანია კი ქველმოქმედებაში ჩაერთო.
დედოფალი რანია დღემდე ეხმარება ქალებსა და ბავშვებს და აქტიურად იბრძვის ძალადობის წინააღმდეგ.