კორონავირუსის პირველი ვაქცინა ამერიკელებმა, შესაძლოა, დეკემბრის მეორე კვირაში მიიღონ – ამის შესახებ CNN-თან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, მონსეფ სლაუიმ, ისაუბრა.
“ჩვენი მიზანია, იმუნიზაციის ლოკაციებზე ვაქცინა მისი დამტკიცებიდან 24 საათში გადავიტანოთ, შესაბამისად, ველოდებით, რომ 11 ან 12 დეკემბერს აშშ-ში პირველი ადამიანის იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება” – თქვა სლაუიმ.
ამასთან, როგორც სლაუი ამბობს, მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაცია მაისამდე გახდება შესაძლებელი, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აშშ-ის ფარმაცევტული კომპანია, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა, ამ ეტაპზე, 95%-ით ეფექტურია.
პროფესორი, ბიოტექნიკური კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი და პოტენციური ვაქცინის გამომგონებელი, უღურ შაჰინი, კი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე საგრძნობად ამოქმედდება და მომავალი წლის ბოლოს “ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება”