მთელი ჩვენი ლოგისტიკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაცობრიობა ოდესმე მზის სისტემის გარეთ გავიდეს ეგზოპლანეტების კოლონიზების მიზნით. თუმცა, მზის სისტემის მასშტაბით დასახლებათა შექმნა არც ისე შორეული პერსპექტივაა.
NASA მთვარეზე ავანპოსტის დაფუძნებას გეგმავს. დიდი დრო არ დარჩა მარსის პილოტირებულ მისიებამდეც. ამასობაში, ადამიანები უკვე ცხოვრობენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.
საინტერესოა, არსებობს თუ არა მზის სისტემაში ადგილი, რომელიც შეიძლება ჩვენი მეორე სახლი გახდეს? ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსი და ასტრობიოლოგი პეკა იანჰუნენი გვთავაზობს, რომ ამ თვალსაზრისით, ჯუჯა პლანეტა ცერერა სულაც არ არის წარმოუდგენელი.
ცერერა საინტერესო კლდოვანი სხეულია. მდებარეობს ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის; მისი დიამეტრი 952 კილომეტრია და წარმოადგენს მზის სისტემის ჩვენთვის ცნობილ უდიდეს ასტეროიდს და ერთადერთ ჯუჯა პლანეტას ნეპტუნის ორბიტის შიგნით.
რატომ ცერერა? იანჰუნენი ამბობს, რომ ის მრავალმხრივ არის ჩვენთვის სასურველი.
„მოტივაციას წარმოადგენს დასახლება ხელოვნური გრავიტაციის გარემოში, რომელიც ჩვენს საცხოვრებელ ზონას დედამიწის მიღმა გაზრდის, ასევე, მცხოვრებთათვის ადვილი იქნება დასახლების შიდა მოგზაურობები და მნიშვნელოვნად დაბალი იქნება მოსახლეობის სიმჭიდროვეც, 500 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე“, — წერს იანჰუნენი პუბლიკაციაში, რომელიც რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზეა გამოქვეყნებული.
მისი აზრით, მარსი და მთვარე შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო ადგილები ადამიანთა კოლონიებისთვის, რადგან მათი ბუნებრივი გრავიტაცია დიდად განსხვავდება დედამიწისგან. ცნობილია, რომ ასტრონავტებს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ექმნება დაბალი ან ნულოვანი გრავიტაციის გარემოდან დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ. თითქმის არაფერია ცნობილი იმის შესახებაც, როგორი იქნება მთლიანად დაბალი გრავიტაციის გარემოში გაზრდილი ადამიანი.
პლანეტური კოლონიის მოდელის ალტერნატივა გახლავთ მზის გარშემო მოძრავი ხელოვნური კოსმოსური კოლონია — კოსმოსური სადგური ტრიალებს, რათა საკმარისი ცენტრიდანული ძალა წარმოქმნას, რომ მიბაძოს გადატვირთვას — დედამიწის გრავიტაციას.
ლოგისტიკურად ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. თუ მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება და ერთ დასახლებაში აღარ დაეტევა, საჭირო გახდება მრავალი ახალი დასახლება. თუ მზის გარშემო მრავალი კოლონია იმოძრავებს, ისინი შეიძლება ერთმანეთს დაშორდეს და გაჩნდეს სხვა პრობლემები, მაგალითად, დასახლებებს შორის მოგზაურობის. თუკი ისინი ერთი სხეულის გარშემო იმოძრავებენ, გაჩნდება მათ შორის შეჯახების საშიშროებაც.
იანჰუნენის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი მართლაც ძალიან მოხდენილია, სულ მცირე, კონცეპტის დონეზე — ცერერა გამოვიყენოთ ბაზად, რომლის გარშემოც იმოძრავებს მბრუნავი, ერთმანეთთან ფიქსირებული ჩარჩოთი დაკავშირებული დასახლებები.
ამით გადაიჭრება არა მხოლოდ დასახლებათა კვანძების ერთად შენარჩუნების პრობლემა ყოველგვარი შეჯახების რისკის გარეშე, არამედ საჭირო მასალების პრობლემაც, რადგან მათი შეგროვება პირდაპირ ჯუჯა პლანეტაზე იქნება შესაძლებელი. იანჰუნენის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზოტი, რადგან ის დედამიწის ატმოსფეროს დიდ ნაწილს შეადგენს.
ამავე დროს ცნობილია, რომ ცერერა ძალიან მარილიანია და როგორც ბოლო კვლევები მიუთითებს, მის ზედაპირქვეშ დიდი ოდენობით წყალიც უნდა იყოს. ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე განთავსებული მზის პანელები ენერგიით ადვილად მოამარაგებს თანამგზავრთან დამაკავშირებელ კოსმოსურ ლიფტს.
„კოსმოსური ლიფტით მასალების ცერერადან ატანა ენერგეტიკულად უფრო იაფია, ვიდრე მათი საცხოვრებელში დამზადება. იმის გამო, რომ ცერერას დაბალი გრავიტაცია აქვს და შედარებით სწრაფად ბრუნავს, კოსმოსური ლიფტი სრულიად შესაძლებელია“, — ამბობს იანჰუნენი.
მისივე თქმით, რადიაციისგან დამცავი ფარი შეიძლება აშენდეს 80 პროცენტი სილიკატის რეგოლითისა (ცერერას ქანები) და წყლისგან. საცხოვრებლები შეიძლება დაიყოს სასოფლო და ურბანულ სივრცეებად, ნიადაგის სიღრმე 1,5 მეტრიდან 4 მეტრამდე იქნება, როგორც ეს ხეებსა და ბაღებს დასჭირდება.
იმის გამო, რომ ცერერა მზისგან საკმაოდ შორსაა, მზის სხივების პირდაპირ დასახლებისკენ მისამართად საჭირო იქნება სარკეები, მცენარეულობის გასაზრდელად, განათებისთვის და მზის ენერგიის მისაღებად. ეს სარკეები შეიძლება ჩამოიკიდოს დისკოს ფორმის თანამგზავრის ერთ მხარეს, კოსმეტიკის ყუთის მსგავსად და შესაძლებელი იქნება მათი ისე მორგება, რომ ჯუჯა პლანეტის მზის გარშემო მოძრაობისას შეგროვდეს რაც შეიძლება მეტი მზის სინათლე.
„მეგათანამგზავრისთვის გამოვიყენეთ დისკოს გეომეტრია, რადგან მისი სიმეტრია აღმოფხვრის მოქცევით ბრუნვას ისე, რომ სიმაღლის შენარჩუნებისთვის საჭირო არ იქნება რეაქციული ბორბლები“, — წერს იანჰუნენი.
მისივე თქმით, საცხოვრებლები ბუნებრივი მზის სინათლით განათდება და მას დისკოსკენ ორი ბრტყელი სარკე მიმართავს, რომლებიც 45-გრადუსიანი კუთხით იქნება დახრილი და პარაბოლური სარკეების მიერ კონცენტრირებული იქნება სასურველი ინტენსივობით.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი გაზრდაც, უბრალოდ, ერთი საცხოვრებლის კიდეზე მეორის დამატებით, პოტენციურად კი ასე მილიონობით დასახლების აგება შეგვეძლება; თანაც, ცხოვრების წესი სავარაუდოდ დედამიწაზე უკეთესიც კი იქნება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ არ იქნება ბუნებრივი კატასტროფები ან არასასურველი ამინდი, მისი მოდულარულობა კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გაგრძელება შესაძლებელი იქნება. იანჰუნენს სჯერა, რომ ცერერაზე ამ გზით დედამიწაზე 10 000-ჯერ მეტი ადამიანის დასახლება იქნება შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, მისი კვლევა საკმაოდ სპეკულაციურია და საჭიროებს შემოწმებას. გარდა ამისა, იანჰუნენი შენიშნავს, რომ ორბიტული ხელოვნური გრავიტაცია ჯერ მხოლოდ მიზანია და საიჭროა მისი მიღწევა.
ასეთივეა კოსმოსური ლიფტები, გიგანტური სარკეები და კოსმოსური კოლონიის რადიაციისგან დამცავი ფარები. ასევე გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის ცერერას ორბიტული სიმულაციები და ტრანსპორტირების ლოგისტიკა ამდენი ადამიანის მარსზე შორს წასაყვანად.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრში შეიძლება ირონიას იწვევდეს, იანჰუნენს სჯერა, რომ ცერერას ორბიტაზე ადამიანთა დასახლება-თანამგზავრის აშენებას შეიძლება, მხოლოდ 22 წელიწადი დასჭირდეს.
„ამ პროექტის განხორციელების სირთულის ზოგადი დონე სავარაუდოდ მარსის კოლონიზების სირთულის დონის ტოლია“, — წერს იანჰუნენი.
მისივე თქმით, დელტა-v და ცერერამდე მოგზაურობისთვის საჭირო დრო უფრო გრძელია, მაგრამ მეორე მხრივ, ის თავიდან გვაცილებს პლანეტაზე დაჯდომებს, ატმოსფერულ ამინდსა და მტვერს.
„ცერერაზე საჭიროა გარკვეული ძალისხმევა კოსმოსური ლიფტით მასალების ორბიტაზე ასატანად, მაგრამ ენერგეტიკული თვალსაზრისით, ეს იაფია. მას შემდეგ, რაც მასალები ცერერას ორბიტაზე სათანადო სიმაღლეზე განთავსდება, თერმული გარემო ერთნაირი გახდება და ენერგიის მიღებაც ადვილი იქნება დაბნელებათა არარსებობის გამო“, — წერს კვლევის ავტორი, ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსი და ასტრობიოლოგი პეკა იანჰუნენი.
ფიქრისთვის ნამდვილად ღირს, არა?
კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: 1tv.ge