უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნიკოლაი ტოჩიცკისთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საქართველოს ელჩმა, დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია მისი გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ნიკოლაი ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს“ , – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ ნოტასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებას გადაეცა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე მას დადებითად განიხილავს.