ნაფოცხვარას აგარაკი (გომის მთა) 1902 წლის სეზონი – ვოდევილებით, კონცერტით და პოეზიით
ცნობის ფურცელი – “ნაფაცხვარი (გურია).
აჭარა-გურიის მთის მარცხენა კალთაზე, 17 ვერსტის მანძილზედ ოზურგეთიდან, მდებარეობს პატარა აგარაკი – ნაფაცხვარი. თვალ-წარმტაცი მდებრეობა სიამოვნებს ჰგვრის მნახველს. ნაფაცხვარი სამივე მხრით შემოსაზღვრულია მშვენიერის ნაძვის ტყით, ხოლო მეოთხე, დასავლეთის მხრით გადაჰყურებს თითქმის მთელს ქუთაისის გუბერნიას და შავ ზღვას.
ამ აგარაკის მშრალს და ზომიერს ჰავას გასაოცარი ზეგავლენა აქვს ხოლმე ადამიანის ჯანღონეზე. საკმაოა ხუთი-ექვსი დღე, რომ ავადმყოფმა თავი უკეთ-იგრძნოს. სახელ-განთქმულია ასევე ნაფაცხვარის მეზობელი – ბახმაროც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აგარაკებს შორის ჰავის მხრით გარჩევაა. როგორც გამოცდილებამ დაგვარწმუნა, პირველი ჰავა ძალიან უხდება მალარიით ავადმყოფს, ხოლო მეორე – გულ სუსტს და ჭლექიანს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ექიმებს ჯერ თავიანთი აზრი არ გამოუთქვამთ ამ აგარაკების შესახებ. ამას გარდა ასავალი გზაც ორსავე აგარაკს ცუდი აქვს, ასე რომ ფრთხილი კაცი ამ გზაზე თავდაუზღვეველი არც იმგზავრებს. საჭიროა აგარაკებისა და სახლების მეპატრონეებმა ყურადღება მიაქციონ ამ გარემოებას და ცოტად მაინც შეაკეთონ უვარგისი და სახიფათო გზები.
ნაფაცხვარში წელს ოცამდე კოხტა სახლია და სამი პატარა დუქანი. მოაგარაკეთა რაოდენობა ორასს სულს აღემატება. რა თქმა უნდა ბევრად მეტი იქნებოდა, რომ სახლების სიმცირესაც ხელი არ შეეშალა.
წლევანდელმა სეზონმა სწორედ, რომ მშვენივრად ჩაიარა. დიდად ასიამოვნა საზოგადოება ბატონმა გიგინეიშვილმა, რომელმაც მთავრობის ნებართვით ივლისის დამლევს გამართა უფასო წარმოდგენა და კონცერტი. ეს გარემოება იმითია მნიშვნელოვანი, რომ წარმოდგენას დაესწრო ბევრი მაჰმადიანი ქართველი. ითამაშეს ვოდევილები, ასევე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართულ-რუსული სიმღერები.”
გ.შ.
გაზეთი ცნობის ფურცელი 1902 წელი
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.