გურია 1871 წლის 19 აგვისტო – როგორ აღწერს ქართველი პოეტი და პუბლიცისტი მამია გურიელი იასე გურიელის მეუღლის დასაფლავებას და სოფელ ბაილეთს.
წერილი გამოქვეყნებულია გაზეთ „დროებაში“ 1871 წელს.
კეთილი მაგალითი
კარგა ხანია მე არ დავსწრებივარ ჩენებურ ტირილს, მით უმეტესად იმ მიზეზით, რომ თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე ყოვლად უგნურია მა მეცნიერებაში, მაშინ როდესაც ეს საქმე თხოულობს დიდ დახელოვნებასა და გამოცდილებას. ამასთანავე მე სრულიად თანაუგრძნობ იმ წესს ტირილისას, რომელიც ჩვენში შემოღებულია და რომელსაც ისრე მაგრად მოსჭიდებიან კორტოხს გადაღმელი ქართველები, როგორითაც წყალში ჩავარდნილი ადამიანი მოეჭიდება ხოლმე რაიმეს, რაც ხელში მოხვდება, ანუ რა რიგათაც ამას წინეთ ჩასციებიყვნენ ყმებს, რომლებსაც არსგზით არ ანებებდნენ თავს, სანამ მთლად არ ხელიდამ არ გამოაცალეს. მადლობა უფალს! ეს ერთი უგნურება მოისპო, მაგრამ რჩება სხვა უგუნურება რადგანაც ის არის ადგილობრივი (მხოლოდ კორტოხს გადაღმელი) და ამისთვისაც უფრო სასაცილო და სასირცხო.
ამ უკანასკნელ ჩემი გურიიდამ წამოსვლის დროს, ერთ ჩემ მახლობელ ნათესავს, თავად იესე გურიელს, მოუკვდა ცოლი, სადაც მე ვალდებული ვიყავ დავსწრებოდი ყოვლის უარის უთქმელად და მიზეზ შემოუტანელად. თქვენ შეგიძლიათ წამოიდგინოთ, რანაირს მწუხარებაში ვიქნებოდი ჩავარდნილი: ტირილი მე არ ვიცი; რომ არ მეტირნა, მთელი ხალხის სალაპარაკოდ უნდა გავმხდარიყავ, თუ მეტირნა და ტყუილების რეჩი გამფუჭებოდა ან ცრემლები ბევრნი არ ჩამომცვინიყვნენ, შენი მტერია, მე ლექსებს დამწერდნენ და ჩონგურზე დამამღერებდნენ. ერთი სიტყვით, საშინელება იყო ჩემი მდგომარეობა: რა მექნა, აღარ ვიცოდი! ამ ფიქრებისგან ჩავარდნილი ღრმა დარდებში, ისე ვწყევლიდი ევროპიელებს, რატომ ერთი სისტემა არ გამოიგონეს ამაზედაც, რომ შემესწავლა და მეც ჩვენებივით, ტურების მსგავსად დამეჭყავლა ყოველს კუბოზედ.
მაგრამ სასიმოვნოდ ჩემდა, მე ვჰპოვე ჩემი ნათესავი კაცისას, სულ სხვანაირი წესიერება. აქ იყო ევროპული გამოსვენება მიცვალებულის გვამის და არა ჩვეულებრივი თმების წეწა-და ღრიალი. მართალი უნდა მოგახსენოთ, ისეთ რიგათ გამამხიარულა მე ამ წესიერების შემოღებამ, რომ კინაღამ ურა დავიძახე და მიტირების მაგივრად, მადლიერებით სავსემ გარდავეხვიე ჩემს ძმა კაცს ყელზე. გამოსვენება მიცვალებულის მე ამაზედ უდიდებულესი ძვირად სადმე მინახავს.
19 აგვისტოს, 12 საათზედ შუადღისა, ოზურგეთის ქალაქის ეკლესიიდამ გამოიტანეს კუბო, რომელსაც წინ მიუძღოდა ორი ეპისკოპოსი (იმერეთისა და გურიისა) თავიანთის კრებულებით; მათ მისდევდა მუზიკა, შემდეგ მიჰქონდათ კუბო უპირველეს პირებს გურიის აზნაურობისას. კუბოს უკან ორასზე მეტი თმაგაშლილი ქალები და ამათ მიჰყვებოდნენ, ორი ათასამდის თავად-აზნაურობა და მოქალაქეები. ამ ნაირის პატივით მივასვენეთ იცვალებული ს. ბაილეთს, რომელიც მდებარეობს 6 ვერსტზე ოზურგეთიდამ, სადაც იმყოფებოდა თავად იასე გურიელის სასაფლაო, ანუ ეკვტერი (склепъ) აქ დაგვიხდა ჩვენდათ მრავალი ხალხი ორსავე სქესისა, გარშემო სოფლებიდამ მოგროვებულები, და სადილი ყველასთვინ მზად, რომელზედაც შემდეგ მიცვალებულის დასაფლავებისა კიდევაც მიგვიწვიეს.
ვეება ტურფა მოწყობილს ეზოში, ორ ეტაჟანი ქვის სახლების ძირას, მარცხნივ მხარეზე გამართული იყო სუფრები ხალხისა და გლახებისათვინ, რომლებთაც უხვად უზიდვიდენ ყოველ ნაირ საჭმელებსა და ღვინოებს; იმათი სუფრები ისეთ ნაირათ იყვნენ დადგმულები, რომ თვითო თვითო სოფლის ხალხი ისხდნენ თვითო გრუპებათ და ყველანი უყურებდნენ ერთმანეთს. არეულები ერთმანეთში ქალები, ყმაწვილები, მოხუცებულები, გლახები, ჭაბუკები, ვაჟკაცები, სხვა და სხვანაირი ტანსაცმელებით, ემსგავსებოდნენ უცხო ყვავილების ბუკეთებს. ჩვენ ე.ი. აზნაურები და სასულიერო წოდება, ვისხედით ზემოთ სახლებში. ამ სახლების გვერდით იქვე აღიმართებოდა მცირე მთა, რომლიც წვეტზედაც სდგას პატარა გალავნიანი კოშკი, წოდებული ბაილეთის ციხეთ, და რამდენიმე სახლები. ფერად მწვანესა და მშვენიერ ირგვლივ შემოხვეულ ტყეებს შუა, მაყურებელს ჰგონია, თითქო ეს კოშკი განგებ იყოს ადამიანის ხელით ასრე კეკლუცად მორთული. სახლების ბალკონიდამ წინ ხედავთ თვალ-უწვდომ სახნავ-სათეს ველებს, რომლებთ საშუალ ადგილას მოიგრიხება კარგი, მოზრდილი სუფსების მდინარე. პირები მისი ღელდეშიან რა სხვა და სხვა ფრის მცენარეებით, აიმედებენ მრავალს სულს კარგი მოსავლით; ამათ ქათიბის ბეწვეულივით არტყია მწვანე ტყეები და ყველანი ესეები წარმოადგენენ სასიამოვნო რამე შესახედაობას.
დამეთანხმეთ, რომ შემდეგ მცირის მაციონის და დარდიანობისა, ამ უცხო ადგილას, არ იყო ცუდი სამეოხებელი კარგი სადილი. მე დარწმუნებული ვარ, ყველა აქ მყოფებმა სწორეთ გულით უსურვეს მიცვალებულის აბრაამის წიაღი, უმეტეს სამღვდელოებამ და გლახაკებმა, რადგაანც მოგეხსენებათ, ეს ორი წოდება ძლიერ მოყვარულია მდიდრის სუფრისა.
თუმცა ტირილი, მწუხარებითი შემთხვევები და საზოგადოდ ამგვარი ამბები არაფერი საგაზეთოა, მაგრამ მე იმისთვინ გწერთ საკუთრად, რომ ეს არის პირველი მაგალითი გურიაში, ძვლებური ტირილის თავის დანებების, რისი მოსპობისაც ბევრი მსურველები არიან, განსაკუთრებით ახალი თაობა, რომელსაც მხოლოდ სიმართლით ეკუთვნის განაგებდეს მსოფლიო საქმეებს. ღმერთმა ინებოს, ამ ჩინებულ მაგალითს თავადი იესე გურიელისას სხვებმაც მიბაძონ.
მასალა მოამზადა კახა ჩავლეშვილმა