ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვნახე უვადო კოვიდპასპორტის გაცემის პრეცედენტი – კულუმბეგოვი

”ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი, არ ვიცი, სად და ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი, ვეძებ და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში უბრალოდ ვერ ვნახე.

ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როგორც ჩუტყვავილასა და წითელას გადატანის შემდეგ, რომ ადამიანი არ ხდება არასოდეს ავად. შორს, რომ არ წავიდეთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ მეორედ ინფიცირებული ადამიანების რიცხვი საქართველოში უკვე 5 ათასს აღწევს.

პანდემია არ უნდა გახდეს მძევალი პოლიტიკური პროცესის, თორემ ეს აზარალებს ადამიანებს. რაღაც ეტაპზე ამის წინაშე სულ ვიდექით, არჩევნების საკითხი, შეიძლებოდა რაღაც რეგიონის ადრე ჩაკეტვა და არ მოხდა, სულ იგრძნობოდა ეს, რომ პოლიტიკური ინტერესები უფრო იყო წამყვანი ამ პროცესის.

განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ.” –

ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, მწვანე პასპორტის ორი, საშინაო და საგარეო ვარიანტი იყოს დაშვებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share