ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, გია ჩხარტიშვილი კორონა ვირუსმა ორი დღის წინ იმსხვერპლა. ის ათი დღის განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
როგორც “გურიის მოამბეს” უთხრეს მისი მდგომარეობის გართულება თანმდევმა დაავადებამ გამოიწვია , რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გარდაცვლილს კორონა მისი მეწყვილისგან გადაედო, რომელიც იზოლაციაში მყოფი სამსახურში ხელმძღვანელის მოთხოვნით დაბრუნდა : “პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახს კორონა დაუასტურდა. თავადაც იზოლაციაში იყო, როგორც ხდება ასეთ შემთხვევაში. უფროსმა დაურეკა და დაიბარა სამსახურში. აუხსნა, რომ იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გაითვალისწინა არაფერი. მეწყვილედ კი უკვე გარდაცვლილი ჩხარტიშვილი იყო. ზუსტად ოთხ დღეში დაუდასტურდა კორონა ორივეს”- გვიყვება წყარო.
მომხდარზე არ საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
მომხდარში საპატრულო პოლიციის უფროსის ბრალეულობაზე სოციალურ ქსელში ასევე მიანიშნებს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, ბესო ქათამაძე, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს: ” გამორჩეულად კარგი ადამიანი ოზურგეთის საპატრულო პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი – გია ჩხარტიშვილი იმსხვერპლა. ამ ყველაფრის ფონზე, გურიის საპატრულო პოლიციას ყავს უნაძრილესი უფროსი კობა კობახიძე”-წერს ქათამაძე.
ის, რომ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე მაღალი თანამდებობის პირები ზოგადად თავს იკავებენ, ეს არავისთვის ახალი არ არის, მაგრამ იმედია, შესაბამისი სამსახურები მომხდარით დაინტერესდებიან და პასუხის მიღებას შეეცდებიან, თუ რატომ აგრძელებდა ადამიანი მუშაობას იმ პერიოდში, როდესაც ის იზოლაციაში უნდა ყოფილიყო და რატომ არ გაითვალისწინა საპატრულო პოლიციის შეფმა პატრულის თანამშრომლის დაინფიცირების მაღალი რისკი, მით უფრო როცა მისი ოჯახის წევრები კოვიდ-დადებითები აღმოჩნდნენ.