საყოფაცხოვრებო ნივთების ევოლუცია – როგორ გამოიყურებოდა საყოფაცხოვრებო ნივთები თავდაპირველად

თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომლებიც ყველას გვაქვს სახლში, თავდაპირველად სრულიად განსხვავებული სახე ჰქონდა. დილით გაღვიძებისას ხშირად მექანიკურად ვრთავთ ელექტრო ჩაიდანსა თუ მიკროტალღურ ღუმელს. იმდენად ვართ დამოკიდებული ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებს, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორ უმკლავდებოდნენ ადამიანები ყოველდღიურ რუტინას 100 წლის წინ… მაშინ ხომ ასეთი მოსახერხებელი მოწყობილობები არ იყო!

ერთად გადავხედოთ სამზარეულოს ნივთების წარსულს.

მაცივარი

ჩვენი წინაპრები სპეციალურად აშენებდნენ სარდაფებს პროდუქტის შესანახად. პირველი ხელოვნური ყინული 1850 წელს ჯონ გორიმ გამოიგონა. მან კომპრესორის ციკლი თავის მოწყობილობაში დაამატა. მსგავსი კონსტრუქცია დღემდე გამოიყენება. პირველი საყოფაცხოვრებო ელექტრო მაცივარი 1913 წელს დამზადდა. წარმოებაში საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებები იქნა გამოყენებული. ხოლო პირველი უხმაურო, უსაფრთხო და გრძელვადიანი მაცივარი სახლისთვის ინჟინერმა კრისტიან სტინსტრუპმა 1926 წელს შექმნა.

 

იატაკის საწმენდი ჯოხი

ძველად სახლის დალაგებაზე რიგითი დიასახლისი კვირაში 57 საათს ხარჯავდა. ამაში შედიოდა სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და სხვა საჭირო ყოველდღიური რუტინა. დღეს კი იმავე საქმიანობაზე ქალი 55 საათით ნაკლებ დროს ხარჯავს, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის და, ზოგადად, ავტომატიზაციის დამსახურებაა. უწინ ქალები იატაკს მუხლზე დამდგარი, ხელებითა და ჩოთქით ხეხავდნენ. შემდეგ გაჩნდა იატაკის საწმენდი ხის ჯოხი, რომელზეც ტილო უნდა შემოგეხვია. იატაკის ჯოხმა დღემდე შეინარჩუნა აქტუალობა, თუმცა ტრანსფორმაცია განიცადა.

ჩაიდანი

ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ წყლის ადუღებასთან დაკავშირებული პრობლემები. საკითხი პროცესის სისწრაფეზე და უსაფრთხოებაზე დადგა. პირველი ჩაიდანი ნახშირით თბებოდა, რომელსაც სპეციალურ მილში ყრიდნენ. პირველი ელექტრო ჩაიდანი მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. გამოგონება ვინმე პოლკოვნიკ კრომპტონს ეკუთვნის, რომელსაც გაუჩნდა იდეა, ელექტრო გამათბობელი ელემენტი ჩვეულებრივი ლითონის ქვაბის ძირში მოეთავსებინა. მთავარი იყო, დროულად შეგემჩნია, რომ წყალი ადუღდა, თორემ უწყლოდ ჩართული ჩაიდანი ხანძრის გაჩენის საფრთხეს ქმნიდა. სწორედ ამიტომ, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო სასტვენი ჩაიდანი. თანამედროვე ელექტრო ჩაიდნებს ავტომატური გათიშვის ფუნქცია აქვთ.

მტვერსასრუტი

პირველი მტვერსასრუტები მტვერს კი არ აგროვებდნენ, არამედ სხვადასვა მიმართულებით ფანტავდნენ. ეს იყო საკმაოდ დიდი ზომის მოწყობილობა, რომლის მართვაც მხოლოდ ორ ზრდასრულ მამაკაცს შეეძლო. ერთი აგროვებდა მტვერს, მეორე დაატარებდა მილს. მოწყობილობა 1901 წელს სესილ ბუტმა გააუმჯობესა. მისი მოწყობილობა მტვერს სპეციალური ფილტრით იწოვდა და ბენზინზე მუშაობდა, მაგრამ „მხრჩოლავ ბილის“ (ასე ერქვა მტვერსასრუტს) 4 ადამიანი ცხენებშებმული ეტლით დაატარებდა. შენობებში ფანჯრებიდან 30-მეტრიანი მილი შეჰქონდათ და ამგვარად წმენდნენ მტვერს. პროგრესთან ერთად იხვეწებოდა მტვერსასრუტებიც.

ფუნდამენტურად ახალი ეტაპი იყო რობოტული მტვერსასრუტების შექმნა, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. ისინი დამოუკიდებლად მოძრაობენ ოთახში და ადამიანის მინიმალურ ჩარევას საჭიროებენ.

დაათვალიერეთ სხვა ნივთები:

პირველი ტოსტერი, რომელიც პურს მხოლოდ ერთი მხრიდან ხუხავდა.

ასე გამოიყურებოდა ნახშირის უთო.

ეს პირველი მიქსერია, წარმოებული 1930 წელს.

და ბოლოს, გაზქურა მე-19 საუკუნეში.

marao.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share