სადამსჯელო ოპერაცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლოს ეზოში გადაცმული სპეცრაზმი, დაკავებების სერია და არაპროპორციული ძალის გამოყენება სამოქალაქო სექტორისთვის ნათელი მაგალითია, რომ ხელისუფლებისთვის მაშველი რგოლი აქციებზე გადაცმული ზონდერ ჯგუფები არიან. გუშინდელმა ფაქტებმა არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორისაა პოლიციელების ეკიპირება სპეციალური ნიღბებითა და წიწაკის სპრეით.
სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ისეთი ეკიპირება გამოიყენა, რაც მის არსენალში არ შედის.
პოლიციელის ფორმაში გადაცმული ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო, იყენებდნენ ისეთ არსენალს, რომელიც მათ ეკიპირებაში არ შედის, ანუ ,,ოცნების” ზონდერფორმირებად იქცა ქართული პოლიცია. ეს არის სამწუხარო და სავალალო თვითონ პოლიციისთვის., რომელიც სინამდვილეში ეროვნულ უსაფრთხოებას უნდა იცავდეს – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.
სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ, მიმართონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველს, რათა გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები.
ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, მოუწოდებს კოლეგებს, მომავალში მეტი ყურადღება გამოიჩინონ, რათა ,,ქართულ ოცნებას” პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მისცენ.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ მსგავსი მეთოდებით ხელისუფლება ცდილობს, არეულობა შეიტანოს აქციებში. ჩვენ ვნახეთ, რომ მრავალრიცხოვანი აქციების პარალელურად ხელისუფლებამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც პირდაპირ იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, ოპოზიციას მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან ეს ხელისუფლება უკან არ დაიხევს, – ამბობს სალომე სამადაშვილი
,,ტვ პირველის” ინფორმაციით, გუშინ პოლიციის მოქმედებებს ხელმძღვანელობდა შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, მოადგილე, შალვა ბედოიძე.