მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურას პასუხობს და ამბობს, რომ პროცესზე პროკურორებს “გამოკვლევებულები” უწოდა.
“საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია და თქვენთვის გავიმეორებ.
ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკველევბი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.
გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან.
კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი – ეს რა შეფასებაა – ანუ გაიგონა და არ გამორჩენია. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა პროკურორს? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პროკურორი.
მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც. ვნახოთ, იურისტის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე”, – აღნიშნავს გვარამია.
მისივე თქმით, უკანონო გადაწყვეტილება იქნება, თუ მას პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შემდეგი სასამართლო სხდომიდან გააძევებენ.
“იგივეს ვაცნობებ სასამართლოს. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას და გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე“, – ამბობს გვარამია.
როგორც ის აღნიშნავს, სრულიად ცხადია, თუ რას ემსახურება მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის აღძრა. გვარამიას თქმით, პროკურატურამ ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ საზოგადოება “მორიგ ჯერზე დასცინის”.
“რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, თქვენი აღძრული კიდევ ერთი საქმე სრულიად ცხადია რას ემსახურება და სრულიად ცხადია, რა მიზანს ისახავს.
გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მეშინია. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით და ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს მიერ დაჩმორებულ და დაშინებულებად გამოიყვანეთ.
ps. ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ და ორწელიწად ნახევრის წინ რ2-ის 9%-ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს“, – ამბობს გვარამია.
დღეს, 30 ნოემბერს, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გამოძიება დაიწყეს.
უწყების ცნობით, გამოძიება 366-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფას გულისხმობს.
გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს.