დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას ხვალ დადებს. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა.
მისი განმარტებით, დღეს გამართულ იმუნიზაციის საბჭოზე სპეციალისტებმა „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებით 2 საკითხზე იმსჯელეს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სპეციალისტები სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც იზიარებენ, რომელიც კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო გამკაცრებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უწყებათშორისი საბჭო იღებს, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.
„მოგეხსენებათ, პასპორტში შედის 4 ინდიკატორი – ვაქცინაცია, გადატანის დრო, 72-საათიანი PCR და 24-საათიანი ანტიგენ ტესტები. იმუნიზაციის საბჭოზე რამდენიმე საკითხზე ვიმსჯელეთ: პირველი ის, რომ „ომიკრონთან“ მიმართებით ახალი რეალობა იქმნება და რამდენიმე ქვეყანამ 72-საათიანი PCR-ტესტი 48 საათამდე დაწია, ხოლო აშშ-მა დღეს გამოაცხადა, რომ მხოლოდ 24-საათიანი PCR-ტესტის უარყოფით პასუხს ცნობს, განსაკუთრებით მგზავრებში, რომლებიც აშშ-ში თვითმფრინავით ჩადიან. ამ საკითზე სამეცნიერო ჯგუფს ეთხოვა ამაზე რეკომენდაციები.
მეორე საკითხი იყო რამდენთვიანი გადატანა შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად. ამაზე სხვადასხვა მოსაზრება ქვეყნებს შორისაც: არის 1-წლიანი, 9-თვიანი, უვადო არსად არ არის და უმრავლეს ქვეყანაში ეს 6 თვიანი პერიოდია, ხოლო ომიკრონთან მიმართებით ფიქსირდება, რომ სასურველია ჩაითვალოს 6-თვიანი. ბევრმა ქვეყანამ 3-4G-ის პრინციპი ამოიღო და მხოლოდ 2G-ის პრინციპი დატოვა, რაც ორჯერად ვაქცინაციას და გადატანის 6-თვიან სტატუსს მოიცავს. ეს ზედმეტი გადაზღვევის მექანიზმია „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის. ამიტომ სამეცნიერო ჯგუფს ეთხოვა და ხვალისთვის უკვე გვექნება მათი დასკვნა, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს“, – განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.