მაშინ როცა ქვეყანაში ახალი შეზღუდვებია და ყველაფერი დაკეტილია, გურიასა და აჭარაში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. მათ შორისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. ირკვევა, რომ ამ ეტაპზე გათბობის გარეშეა კოვიდ კლინიკებიც, რომლებსაც, გათბობის ალტერნატიული საშუალებები არ გააჩნიათ. _ ახალ საავადმყოფოში, სადაც ამ დროისთვის 200_ზე მეტი პაციენტია, გათბობა ბუნებრივ აირზე იყო. ახლა, ელექტროღუმელებს შევიტანთ და ვეცდებით ასე გავათბოდ პაციენტები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ. ირკვევა, რომ მსგავს მდგომარეობაში ბევრი კლინიკაა. ამ დრომდე უცნობია როდის მოხდება ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ დაზიანებულია ცენტრალური მილი, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ვერ იპოვეს დაზიანების კერა. გურიის მოამბემ გაარკვია, რომ დაზიანებული მილი გაზის ტრანპორტირების კომპანიას ეკუთვნის, სადაც კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.