ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ლავრენტი ბიგვავა ცრუ დასმენაში ამხილა.
ლავრენტი ბიგვავა ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე მიმდინარე დებატებისას დაუკავშირდა ოზურგეთის პოლიციას და ოპოზიციონერი დეპუტატის დავით მჟავანაძის დაკავება სთხოვა.
ბიგვავა ამტკიცებდა (ეს მან ოფიციალურად დაადასტურა გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში-იხილეთ ჩვენება ქვემოთ), რომ დავით მჟავანაძე საკრებულოს სხდომაზე შემოჭრილ პოლიციელებს, არ აძლევდა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობას, ხელს უშლიდა და წინააღმდეგობას უწევდა მათ და ამავე დროს მჟავანაძე პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, დავით მჟავანაძის წინააღმდეგ ამ ნაწილში (166 მუხლი-ხულიგნობა) წაყენებული ბრალი, ვიდეომასალების ნახვის შემდეგ, დაუსაბუთებლად ჩათვალა და ბრალი მოუხსნა, რითაც ფაქტობრივად ოფიციალურად აღიარა, რომ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, თავისი კოლეგის მისამართით განახორციელა ცრუ დასმენა, შეცდომაში შეიყვანა პოლიცია, ისარგებლა რა პოლიციის ხელმძღვანელების კანონის უცოდინარობით, თავისი პოლიტიკური მიზნების (პოლიტიკურ ოპონენტთა დაშინება, ტერორი, ნეიტრალიზაცია) მიღწევის გზაზე, მოახდინა ახალარჩეული საკრებულოს დისკრედიტაცია.
სასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, რომ დავით მჟავანაძეს არც ხელი შეუშლია პოლიციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები საკრებულოს სხდომაზე უკანონოდ შეიჭრნენ, შესაბამისად არც წინააღმდეგობა გაუწევია მათთვის.
რაც შეეხება ბიგვავას კიდევ ერთ დაჟინებულ მტკიცებას სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, სასამართლომ ის იმდენად უმნიშვნელოდ ჩათვალა, რომ მჟავანაძეს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
დავით მჟავანაძემ, სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ის ყველა იმ პოლიციელისა და დეპუტატის დასჯის მიზნით, რომლებიც მის უკანონო დაკავებაში მონაწილეობდნენ, მიმართავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სახალხო დამცველს, საკრებულოს და ასევე ყველა კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას, ამ ადამიანთა ადეკვატური დასჯის მოთხოვნით.