„ქეიფის შემდეგ სახალხო თამაშობებია, რომელიც შემდეგნაირად იწყება: ჩვეულებრივ შუა ადგილზე გაშიშვლებული ხანჯლებით გამოდის ორი გურული, რომლებიც სწრაფი ბრუნვებით იწყებენ ცეკვას მათ გარშემო შემოკრებილი ხალხის სიმღერის თანხლებით, მოცეკვავეები მოძრაობენ წრეზე და ხანჯლის სწრაფი ტრიალით აკეთებენ სხვადასხვა ილეთებს, მათი წრეზე ცეკვის დროს გარშემო მყოფნი ნელნელა უკან იწევენ და ხალხის შუაში იქმნება დიდი თავისუფალი მოედანი, რომელშიც შესვლას ვერავინ ბედავს.
ცოტა ხანში სიმღერას აყვება ნაციონალური მუსიკაც, რომელსაც ასრულებენ პატარა დოლებისა და ტაშისკვრის ტაქტზე, რის შემდეგაც თითოეულ მოცეკვავეს დამატებით აწვდიან კიდევ ორ ხანჯალს.
მოცეკვავეთან ერთი იწყებს ხანჯლების ალესილი პირის სწრაფ და მკვეთრ მიახლოებას მისივე გვერდებზე, მხრებზე, იღლიებში, ზურგს უკან კისერზე, შემდეგ კი სამივე ხანჯალს წვერით კბილებში იკავებს და თანაც ამ ყველაფერს ცეკვის დროს აკეთებს. ამასობაში მისი ვიზავი ცეკვითა და ხანჯლის ქნევით გარს უვლის მოცეკვავეს, თითქოს მისი მოძმის მოხერხებულობის შესწავლა უნდა, რა დროსაც ხან მის წინ ჩერდება, ხანაც ისევ გარშემო უვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში ორივე მათგანი თან ცეკვავს და თან ხანჯლებით საზარელ ფიგურებს ხაზავს.
უცებ თითქოსდა რაღაც შეურაცყოფა მიაყენესო ერთი მოცეკვავეთაგანი თავს ესხმის ვიზავის და ძალიან სწრაფი მოძრაობებით უქნევს ხანჯლებს თავისა და მთელი სხეულის გარშემო. შემდეგ ერთერთი მათგანი ჩერდება, წინ გასწევს ორივე ხელში დაკავებულ ხანჯლებს, რომლებზეც ხტუნვას იწყებს მეორე მოცეკვავე ისე, რომ თავისი ხანჯლებით განუწყვეტლივ აკეთებს სხვადასხვა მოძრაობებს.
უკვე დაღლილ მოცეკვავეებს გარშემო მყოფნი აწვდიან ხმლებს და ისინი იწყებენ ერთმანეთში ფარიკაობას, რომლის დროსაც ორივე მათგანი წარმოუდგენელ სისწრაფეს და მოხერხებულობას ავლენს.
ფარიკაობის შემდეგ მოცეკვავეები ხანჯლებსა და აღჭურვილობას უკან აბრუნებენ. ახლა უკვე მათ აწვდიან პისტოლეტებს და თოფებს, რომლითაც იწყებენ განუწყვეტლივ სროლას.
სროლის დამთავრების შემდეგ სხვებსაც შეუძლიათ ცეკვა, ამის ნიშნად წრის შუაში გაჩერებული მოცეკვავეები იწყებენ ტაშის დაკვრას, რომლითაც იწვევენ ცეკვის მსურველებს. ხალხიდან უმალვე გამოდიან ქალები, გოგონები და კაცები, ქალი კაცთან წყვილდება და ცეკვის წამომწყებების დირიჟორობით იწყება ცეკვა, მოცეკვავეები უკვე სიმღერის წამომწყებებიც ხდებიან და ცეკვის დროს ძალიან დალაგებულად და გონებამახვულურად იმპროვიზირებენ სიმღერებს, რომელთა შინაარსის მიხედვით იწვიან შავნაწნავიანი გურული ქალის სიყვარულით, ხან სიმღერითვე ხუმრობენ ვინმეს უგემოვნებო ჩაცმულობაზე, ხანაც კი ხუმრობენ თავიანთ მეგობრებზე, რომლებიც ასევე გონებამახვილურად უბრუნებენ პასუხს.
მთელი ამ პროცესის დროს ხალხი ცეკვით წრეზე მოძრაობს, რომლის შუაში დგანან სიმღერის წამომწყებები, რომელთა სიმღერის ბოლო სიტყვასაც აიტაცებენ წრეზე მოცეკვავენი და სიმღერითვე გუნდურად აგრძელებენ ო-ო-ჰოს ტაქტში.
ასეთი სიმღერის დროს დოლი გაჩერებულია და მუსიკის დაკვრა იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმღერის წამომწყებნი პისტოლეტიდან გასროლით მუსიკოსებს დაკვრის ნიშანს მისცემს. გასროლისთანავე წრეზე მოცეკვავენი ჩერდებიან, სიმღერის წამომწყებნი კი ნაციონალური ლეკურის ცეკვითა და პისტოლეტების სროლით შემოუფრენენ წრეს.
ბოლოს ორივე მათგანი ჩერდება გოგონების წინ, აკეთებენ ლეკურის სხვადასხვა ილეთებს, შემდეგ კი ქედმოხრით საცეკვაოდ იწვევენ მათ წრის შუაგულისაკენ. იწყება ლეკურის მუსიკა და ყველანი ტაშს უკრავს, წრის შუაგულში გამოდის ორი გურული ქალი, რომლებიც მერცხლის სიწრაფითა და სინატიფით ნარნარებენ.
ღმერთო დაიცავი ეს დღესასწაული დავიწყებისაგან!“
*
დიმიტრი ბაქრაძეს თავის ნაშრომში („Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“ 1878 г.) შეტანილი აქვს გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ („Тифлисский Вестник“ 1875 г. №23) ეს სტატია, რომლის დიდ ნაწილსაც გთავაზობთ (ნათარგმნია რუსულიდან)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა